სუს-ი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა და ამ მიზეზით გამოძიება დაიწყო
სუს-ი ირანზე ავტორების მოტივებით დაინტერესდა
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაძლო გავლენები მწვავე დისკუსიის საგანია. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა და ამ მიზეზით გამოძიება დაიწყო.
ორმა დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ეხმაურება ირანის რბილი ძალის საქმიანობას საქართველოში, გამოიწვია როგორც პოლიტიკური რეაქციები მმართველ პარტიაში, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გამოძიება.
“ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ პოლიტიკოსების, თინა ხიდაშელისა და გიორგი კანდელაკის შესახებ, – პირველს სატელევიზიო ეთერში გაკეთებული ნათქვამისა და კვლევის გამო ედავებიან, მეორეს კი – კვლევის თანაავტორობის გამო.
კვლევები და ირანის “რბილი ძალა“
3 მარტს გამოქვეყნდა ჰადსონის ინსტიტუტიის კვლევა, რომლის თანაავტორები არიან გიორგი კანდელაკი და ლუკ კოფი. კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში სისტემატურად აფართოებს გავლენის ინფრასტრუქტურას და ხელს უწყობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასწავლო ქსელებში ჩართულობას, რაც, ავტორების აზრით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონში აშშ-სა და დასავლეთის ინტერესებს.
კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომელიც, აშშ-ისა და კანადის სანქციებში განხილულია “ჯაშუშური საქმიანობისა“ და ექსტრემიზმის პროპაგანდის კუთხით.
კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ 2022–2025 წლებში 72-მდე საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ განახორციელა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი.
კვლევებისა და საქართველოში მიმდინარე დებატების ფონზე, ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა მოსაზრება, რომ საქართველო შესაძლოა ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცეს. მოსაზრების სვეტში ავტორი თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელსაც ციტირებს.
- ლუკ კოფი არის “ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი; გეოპოლიტიკის ექსპერტი, რომელიც წლების წინ საუბრობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ ჩანაწერის) დროებით გაუვრცელებლობის დაშვებით, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.
- გიორგი კანდელაკი არის “ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი მისგან გამოყოფილი “ევროპული საქართველოს“ წევრი. ამჟამად ის “სოვლაბის“ პროექტების მენეჯერია.
- თინა ხიდაშელი — საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი “ქართული ოცნებიდან” (2012-2015) და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2015-2016).
ბრალდებები და განცხადებები
კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, “ქართული ოცნების“ ლიდერები თავს დაესხნენ როგორც მკვლევრებს, ისე ყოფილ პოლიტიკოსებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ისინი “მოღალატეებად” შერაცხა, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დასდო ბრალი და გამოძიების დაწყების აუცილებლობა მოითხოვა.
კალაძის განცხადებებმა კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური დისკუსია მმართველ პარტიაში. სხვა ლიდერებმაც, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ, მხარი დაუჭირეს ამ ინტერპრეტაციას.
მოგვიანებით, 5 მარტს, კალაძის განცხადებაზე პასუხად თინა ხიდაშელმა განაცხადა:
“მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომ სინამდვილეში პრობლემით დაინტერესდეს და არა იმით, ვისი განცხადება მოსწონთ და ვისი არა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაქცია
სუსი გამოძიების დაწყებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ინფორმაციის წყაროებს, ავტორების მოტივაციას და შესაძლო “რეკრუტინგის“ შემთხვევებს.
უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე კითხვებზე სრულ პასუხს ვერ გასცემენ, რადგან საკითხი “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეხება“.
სუს-ის პრესცენტრის ცნობით, სააგენტო აკონტროლებს სიტუაციას, ამუშავებს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას და სწავლობს ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შესაძლოა ქვეყანას საფრთხეს უქმნიდეს.