ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობას სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც შეუერთდნენ
სტუდენტური მოძრაობა საქართველოში
14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებასა და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას.
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას აანონსებენ და მოუწოდებენ ყველა თაობას, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და მოუწოდებენ ყველა თაობის მოქალაქეს, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
14 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. შენობაში არ იყო გათბობა, ორჯერ გაითიშა ელექტროენერგია, მაგრამ სტუდენტებს შენობა არ დაუტოვებიათ.
ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: “გამოდით, გამოდით“. მათ შეუერთდნენ აუდიტორიებიდანაც.
“ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბათუმელი სტუდენტების აქციას ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, თსსუ-ს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და ქუთაისელი სტუდენტების ნაწილიც.
„უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, “ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. “ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ცესკოს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება.“ – უთხრა “ბათუმელებს“ მათე ცენტერაძემ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
სოლიდარობა სტუდენტებს
პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო.
განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
“ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელი სტუდენტების აქციას ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა.
“ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.
აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ – ევროპულ გზას.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფიც.
“კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის სახელით, მხარს ვუჭერთ და უპირობო თანადგომას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სრულუფლებიან და ლეგიტიმურ პროტესტს. მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდება ნებისმიერ სტუდენტურ აქციასა და შეკრებას თითოეული ხმის დასაცავად“ – წერია განცხადებაში.
აქციას ეხმიანება თსსუ-ს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფიც.
“თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელ სტუდენტებს ფეისბუქზე სოლიდარობას უცხადებს ქუთაისელი სტუდენტების ნაწილიც.
ფეისბუქგვერდი, Imereti press-ი აქვეყნებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-3 კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ:
“გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მხარი დავუჭიროთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში.“