რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი - იურისტის განმარტება
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
“(გადაწყვეტილება) არამხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებულებს უბრუნებს რწმენას, რომ უფლებებისათვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა წარმატებით დასრულდება, ის ასევე, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს” – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელოვანი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს (ე.წ გავრილოვის ღამე) 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.
“ქართული ოცნების” იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გავრილოვის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ “ვერ უზრუნველყო” პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ.

ნონა ქურდოვანიძე: “რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელოვანი:
ის არამხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებულებს უბრუნებს რწმენას, რომ უფლებებისათვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა წარმატებით დასრულდება, ის ასევე, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მომავალშიც. ეს საქმე განსაკუთრებით რელავანტურია დღეს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების უფლება იმ უფლებებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად შეიზღუდა და აქციების ძალადობრივი დაშლის, წამების და სპეციალური საშუალებების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება კვლავაც აქტუალურია.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს კონკრეტულ დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები.
საქართველო ვალდებულია:
1. არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ;
2. შეიმუშავოს დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
3. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;
4. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება;
5. მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;
6. არ უნდა გამოყენებოდეს მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;
7. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას როგორც წესი, წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი გაფრთხილება;
8. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადო გადამზადება აქვთ;
9. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება უნდა დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს.
და რომ გავიხსენოთ, რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს:
პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.
ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დღეს საიაში გავიხსენეთ, როგორ ვიწყებდით ამ საქმეებზე მუშაობას, აქციის დარბევისთანავე, დავიწყეთ დაკავებულების და დაზარალებულების ძებნა იზოლატორებში, სასამართლოში ვიცავდით 80-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს და დაზარალებულ პირებს საავადმყოფოებში ვპოულობდით.
ძალიან გვიხარია, რომ 6 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა საიას ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირების საქმეებზე. ასევე, მადლობა, ჩვენს პარტნიორს, EHRAC-ს, რომელთან ერთადაც ვაწარმოებდით ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.”