სტივ კოენი: ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და ფულია
სტივ კოენის ინტერვიუ
დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სტივ კოენი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და კონგრესში ინიციირებულ ორ კანონპროექტზე – “მეგობარი აქტისა” და “ქართული კოშმარის არაღიარების” აქტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის დასავლეთისგან შორს და რუსეთთან უფრო ახლოს მიჰყავს, სადაც კონგრესმენის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გული და ფულია. კონგრესმენი სიტუაციას სამწუხაროს უწოდებს.
● MEGOBARI აქტი – კანონპროექტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.
● “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” – აშშ-ს კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს. ასევე, კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.
სტივ კოენი:
“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს.
[საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.
გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ – “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა.
ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.
მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი – რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა.
მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი, არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს.
[… არაღიარების აქტი] ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ – რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს.მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდა ციხეებში არაადამიანური პირობები, და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა, მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია
ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს…
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა.”