საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით შოვში მომხდარი სტიქიის პროგნოზი შეუძლებელი იყო. უწყებაში ამის შესახებ 9 აგვისტოს განაცხადეს.
„ფაქტობრივად, ვერტიკალური ვარდნა მოხდა უდიდესი მასის, რომელიც წამოვიდა ხეობაში”, – თქვა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, მათ ჰქონდათ წყლის დონის საზომი სადგურიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში. უცხოელი პარტნიორებისგან მიღებულ მონაცემებში კი, უწყების განცხადებით, კარგად ჩანს, რომ იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება.
„ეს იყო ძალიან მყისიერი, ტყე-ზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა დაბლა, კურორტ შოვში ძალიან უმოკლეს ვადებში, შეიძლება, ასე ითქვას. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენების განვითარებაზე, საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან”, – თქვა მან – „ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს მინდა, რომ ყველამ იცოდეს ძალიან კარგად”.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს მოხდა, რასაც დადგენილი ინფორმაციით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 12 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიის მიზეზებზე საუბრისას არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მდინარე ბუბას ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა შეგუბება გამოიწვია და ეს მასა დაიძრა 3 აგვისტოს შოვისკენ.