საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან დავალებების შესრულებას ითხოვდა, რომელსაც თეთრი ხელთათმანებით ვერ გააკეთებდა.
როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, როდესაც “გახშირდა უკანონო დავალებები”, მიხვდა, თუ რა სისტემაში აღმოჩნდა.
“ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. მქონდა სამი არჩევანი:
1. სამსახურიდან წამოსვლა
2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა
3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას.” – წერს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქმეში მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სხდომა დახურა.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს 3 ბრალდება აქვს წარდგენილი:
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება;
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
დაკავებამდე გოგაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების სქემები არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს გადასცა.
უკვე 21 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის მიწოდებული მასალები გაასაჯაროვეს. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
გოგაშვილის საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაღალჩინოსანი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.