სომხურ-ირანული ურთიერთობების ეკონომიკური სარგებელი და ხელისშემშლელი ფაქტორები
ირანის მიმართ დაწესებული სანავთობო და ფინანსური სანქციები, სავარაუდოდ, 2016 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მოიხსნება. ამ ინფორმაციას “ბლუმბერგი” დასავლელი დიპლომატების ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგს მომავალი წლის პირველ ორ თვეში დაასრულებს; იმავე წლის მარტის ბოლო კი ის ყველაზე გვიანი ვადაა, როდესაც სააგენტომ მონიტორინგის შედეგები უნდა გამოაქვეყნოს.
ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნა ძალიან ხელსაყრელი იქნება სომხეთისთვის.
უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სიტუაცია გაუმჯობესდება.
ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულების გათვალისწინებით, სომხეთი ირანისთვის შეიძლება ერთგვარ დერეფნად იქცეს. დასავლურ კომპანიებს გაუჭირდებათ ირანთან ურთიერთობა, მაგრამ მათ ამ საკითხში იმ გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ, რომელიც ირანთან ურთიერთობისას დააგროვეს სომხებმა.
სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ირანს, ევრაზიული კავშირის სხვა წევრი ქვეყნებისათვის ირანთან ურთიერთობისას ხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური პირობების შექმნა შეუძლია.
ამ სამი გარემოების გარდა, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედებაც შეიძლება, როგორებიცაა სომხეთ-ირანის რკინიგზის მშენებლობა და ირანული გაზის ტრანზიტი ევროპაში.
სომხური და ავსტრიული კომპანიების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რკინიგზის მშენებლობას, შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს და ეს პროექტი 1,7-2,8 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდეს.
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის, რუბენ საფრასტიანის აზრით, პროექტი, რომელსაც რამდენიმე მილიარდის ინვესტიცია სჭირდება, ერთ დღეში ვერ დამტკიცდება. ძნელია რკინიგზის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე საუბარი, რადგან ამ შემთხვევაში, არამხოლოდ ირანისა და სომხეთის, არამედ უფრო დიდი (როგორც რეგიონული, ისე მსოფლიო მასშტაბის) მოთამაშეების ინტერესებიც გასათვალისწინებელია. “ამ შემთხვევაში, საუბარია რუსეთის, ჩინეთისა და, ნაწილობრივ, ევროპის ინტერესებზე”.
მისი აზრით, ამ ეტაპზე რთულია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ აშშ ცვლის თავის დამოკიდებულებას ირანის მიმართ. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ უახლეოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის მიმართ დაწესებული სანქციები ჯერ შერბილდება, შემდეგ კი საერთოდ მოიხსნება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აშშ-ს არ მოსწონს დამოუკიდებლობის ის მაღალი ხარისხი, რომელიც ირანს აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში. ირანისთვის სანქციების მოხსნა მოგებიანია შანხაის შეთანხმების ქვეყნებისა და რუსეთისთვის. ასეთ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებს საშუალება ექნებათ, გააფართოვონ და გააღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან.
სომხეთს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე; სახმელეთო გზები კი, აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან არსებული ბლოკადის გამო, ძალიან შეზღუდულია. აღნიშნული გარემოება ზრდის ტრანსპორტირების ტარიფებს და ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
ახალი სახმელეთო გზა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სომხეთის განვითარებისათვის. ამ პროექტმა შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გაზარდოს.
დღესდღეობით სომხეთი გარესამყაროსთან ვაჭრობას მხოლოდ შავი ზღვის ქართული პორტებით, ზემო ლარსის მაგისტრალითა და ირანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზით ახერხებს.
ასეთ პირობებში სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობამ შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინოს, როგორც სამთო-მეტალურგიული ინდუსტრიის განვითარების, ისე სომხეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ამასთან, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იხსნება ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ბაზრები.
თეორიულად, რუსეთს ხელს უნდა აძლევდეს, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი – სომხეთი უფრო ძლიერი და სტაბილური ქვეყანა იყოს. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ ორგანიზაციის ყველა წევრისთვის სასარგებლო იქნება.
თუმცა, იმავე რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, აღნიშნულმა სარგებელმა შესაძლოა სრულიად დაკარგოს აზრი, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს გაუხარდეს, თუკი ირანული ბუნებრი აირი ევროპულ ბაზარზე “გაზპრომის” კონკურენტი გახდება.
სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტის, ირანთან დაკავშირებული პროგრამის ხელმძღვანელის, არმენ ვარდანიანის აზრით, დასავლეთისა და ირანის თანამშრომლობა შეამცირებს ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
“სომხეთმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ევროპისთვის განკუთვნილი ირანული გაზის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს,” – განაცხადა ვარდანიანმა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, სომხეთი რეგიონში თავის გავლენასაც გაზრდის და ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხიც ამაღლდება. ექსპერტის აზრით, თუ ასე არ მოხდა, ქვეყანას კიდევ ერთი ენერგეტიკული პროექტი აუვლის გვერდს, რაც სომხეთის იზოლირებულობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.
პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი, პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი მიიჩნევს, რომ ირანული გაზის სომხეთის ტერიტორიაზე გატარება “გაზპრომის” მიერ სომხეთის მიმართ შემუშავებულ სტრატეგიას ეწინააღმდეგება. “ასეთი სცენარი რუსეთის მიერ სომხეთის მიმართ წარმართულ პოლიტიკას სრულიად არ შეესაბამება. ამ ურთიერთობათა პერსპექტივა დიამეტრალურად განსხვავდება იმ ფასებისგან, რომლითაც რუსეთი მანიპულირებს სომხეთში. “გაზპრომის” მონოპოლიის შესანარჩუნებლად რუსეთი ყველაფერს იღონებს, რომ ირანული გაზის სომხეთის გავლით ტრანზიტი არ დაუშვას.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი და აზერბაიჯანი ირანული გაზის აზერბაიჯანის გავლით ექსპორტირების საკითხს განიხილავენ. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანმა ირანულ მხარეს ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შესთავაზა. ლაპარაკი, ასევე, ბუნებრივი აირის შესანახ საცავებზეც, რომლებსაც აზერბაიჯანი ფლობს.
მეგრაბიანის აზრით, რუსეთი შესაძლოა, დათანხმდეს კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ქვეყანას აზერბაიჯანზე ზემოქმედებისთვის სულ სხვა ბერკეტები აქვს.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ ირანს, რომელიც ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ მისი მთავარი კონკურეტია, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას მაქსიმალური პრობლემები შეექმნას (მით უფრო, თუკი ირანი ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის გავლით დააპირებს).
“თუკი სომხეთში რუსული სახელმწიფო კორპორაციების (რომლებიც არა სამეურნეო სუბიექტებს, არამედ დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებს წარმოადგენენ) მონოპოლისტური პოზიციები ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას შეუძლია სისტემის ცვლილების ეკონომიკურ ბაზად იქცეს. “გაზპრომის” მილებით სომხეთში გაზთან ერთად – კორუფცია, კრიმინალი და ოლიგარქია მოედინება, რაც ბიზნესისა და პოლიტიკის შერწყმას იწვევს,” – აღნიშნა მეგრაბიანმა. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ სომხეთში გარკვეული “წრეები” ხელს შეუშლიან რუსეთის ამ პოლიტიკის განხორციელებას.