სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები ბრიუსელში. ცდილობს თუ არა ევროკავშირი დაასწროს მოსკოვს?
ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებები ბრიუსელში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყებოდა, შარლ მიშელმა ცალკე განიხილა ევროკავშირი-სომხეთის დღის წესრიგი ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკავშირი-აზერბაიჯანის – ილჰამ ალიევთან.
6 აპრილს, საღამოს, ბრიუსელიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალიევ-ფაშინიანი ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავენ.
- სომხეთის პრემიერი: „აზერბაიჯანი ახალი ომის ლეგიტიმაციას ცდილობს“
- სომხეთი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეჭრაზე იუწყება, ბაქო ამას პოზიციების დაზუსტებას უწოდებს
- „გაზსადენი სომხეთიდან ხანქენდამდე უკანონოა“ – კომენტარი ბაქოდან
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჩვეულებისამებრ, როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება, ოფიციალური ინფორმაცია შეზღუდული იყო. ცნობილია, რომ სამმხრივი შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა და მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარია 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარსა და 2021 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადებების პუნქტებზე. ასევე, 14 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ, წინა სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებზე.
ამასთან, შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება აპრილის ბოლომდე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის შექმნაზე. კომისია უფლებამოსილი იქნება საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს.
ოფიციალურ საბოლოო განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყება დაავალეს.
აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვშიც, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები. 8 აპრილს კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუს კოლეგასთან შეხვედრა დაანონსდა.
სომეხმა ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი ევროკავშირის შესაძლო მცდელობაზე, ინიციატივა ჩამოართვას და დაასწროს მოსკოვს.
წინა მოლაპარაკებები ალიევსა და ფაშინიანს შორის, როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატში, ბრიუსელში, გასული წლის 14 დეკემბერს გაიმართა. მაშინ, შეხვედრის დასასრულს შედეგებზე განცხადება ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, კომუნიკაციების აღდგენის მნიშვნელობას. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარკინიგზო ხაზების აღდგენის შესახებ და ევროსაბჭომ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს კომუნიკაციების განბლოკვას.
ინფორმაცია ერევნიდან
ცნობილია, რომ სამმხრივ შეხვედრამდე, პრემიერ-მინისტრი ჯერ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს შეხვდა.
ეს მოლაპარაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებისა და მთიან ყარაბაღში ესკალაციის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებზე ისაუბრა.
მარტის დასაწყისიდან, იმ გაზსადენზე შექმნილი ავარიის გამო, რომლითაც მთიან ყარაბაღს სომხეთიდან გაზი მიეწოდება, ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდა. თავდაპირველად აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხ სპეციალისტებს მილსადენის აღდგენის უფლება არ მისცა, შემდეგ კი თავად შეაკეთა. თუმცა, პრობლემა არ აღმოფხვრილა. ამან ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, ვინაიდან ვერ მუშაობდა თონეები და ცივი ამინდების მიუხედავად, არ თბებოდა სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სკოლები.
გარდა ამისა, 24 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზზე, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში, მათი უმოქმედობით ისარგებლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მთა დაიკავეს. სომხური მხარე, ამ დრომდე, წარუმატებლად ითხოვს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნებას. ნიკოლ ფაშინიანმა სამშვიდობო კონტინგენტის „მოქმედებისა თუ უმოქმედობის“ გამოძიების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
სომეხი ექსპერტები ელოდნენ, რომ მოლაპარაკებებზე მხარეები სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის თემასაც შეეხებოდნენ. იქამდე, აზერბაიჯანმა გამოკვეთა ხუთი პუნქტი, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს. სომხეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ამ პუნქტებში მიუღებელი არაფერია, მაგრამ ის არ მოიცავს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მთელ დღის წესრიგს.
როგორც ადგილობრივი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, მთელი პრობლემა ის არის, რომ სომხეთი დაჟინებით მოითხოვს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას და სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ამოწურულია, ის მოგვარებულია სამხედრო გზით.
ამის გამო, სომეხმა ექსპერტებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ამ შეხვედრისგან სერიოზულ შედეგებს არ ელიან. კიდევ უფრო ნაკლებად ოპტიმისტურია მათი პროგნოზები სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში.
მოლაპარაკებების შედეგების შესახებ მოხსენებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.
ფონი შეხვედრის წინა დღეს – ოპოზიციის აქცია, განცხადება მთიანი ყარაბაღიდან, საუბარი ბლინკენთან
5 აპრილის საღამოს, ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა „ჰაიასტანი“ (სომხეთი) და „მაქვს პატივი“ აქცია გამართეს. აქციის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ აუცილებელია ნებისმიერ ფასად შეიცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მთიანი ყარაბაღის მიტოვებასა და “მშვიდობის ხვეწნაში” გამოიხატება. ამის სანაცვლოდ, აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას, ჯარისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შესთავაზეს.
აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები შეიძლება ჩაითვალოს გზავნილად სომხეთის პრემიერისთვის, ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ:
- გამორიცხოს მთიანი ყარაბაღის შესვლა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ნებისმიერი სტატუსით
- გარანტირებული იყოს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება
აქციის პარალელურად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა „ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბება, მთლიანად სომხურ დონეზე, არცახის ბედთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად”.
მასში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციის თანახმად, სომხეთი არის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფამ და ერთიანობის ჩამოყალიბებამ შეიძლება შექმნას საკმარისი პირობები რეგიონული გამოწვევების დასაძლევად და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
„გეოპოლიტიკური რეალობის ამ რთულ პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანი, ცდილობს რუსული სამშვიდობო მისია წარუმატებლად წარმოაჩინოს, აგრძელებს სომხური დასახლებების პერიოდულ დაბომბვას, აფეთქებს გაზსადენს, ცდილობს მშობლიურ მიწაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებას, აგრძელებს ახალი ტერიტორიების მიტაცებას, არცახის ეროვნული კრება ადასტურებს არცახის ხალხის ნებასა და გადაწყვეტილებას 1988 წელს დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხედვისა, რომელიც გამომდინარეობს მათ ისტორიულ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების უფლებიდან. […]
2020 წლის 27 სექტემბერს, ჩვენთვის გამოცხადებული ომის შედეგად, რომელიც 44 დღე გაგრძელდა, ჩვენ ადამიანური და ტერიტორიული ზარალი მივიღეთ. მაგრამ, თვითგამორკვევისა და საკუთარი ბედის გაკონტროლების უფლებას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
5 აპრილის საღამოს, სომხურმა მედიამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ სატელეფონო საუბარში ბრიუსელში ალიევთან მოახლოებული შეხვედრა განიხილებოდა.
ნიკოლ ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მზარდ დაძაბულობაზე და ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საუბრის დეტალები სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა რეგიონში შემდგომი ესკალაციის დრო არ არის“. ბლინკენმა „დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, დაეხმაროს ქვეყნებს მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად”.
ინფორმაცია ბაქოდან
ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგულთა ცხედრებისა და ნეშტების გადაცემა, აზერბაიჯანული და სომხური მხარის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხთა სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, ყარაბაღის პირველი ომის დროს უგზო-უკვლოდ 3890 ადამიანი დაიკარგა, მეორე ომის დროს კი ექვსი.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სომხეთმა აზერბაიჯანს ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული 108 ადამიანის ნეშტი გადასცა“, – განაცხადა სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ ელდარ სამედოვმა.
მისი თქმით, სომხურმა მხარემ ცხედრების ნაშთები აზერბაიჯანს შერეული სახით გადასცა.
„ნაშთები ამოღებულია ძირითადად იმ ადგილებიდან, სადაც მიწისქვეშა და გრუნტის წყლები მიედინებოდა. ამიტომ, ამ ნაშთებიდან დნმ-ის ნიმუშების აღება ძალიან რთულია. ზუსტი ინფორმაცია ნეშტების რაოდენობის შესახებ დასკვნით ეტაპზე გვექნება“, – დასძინა მან.
ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოჯალის რაიონის სოფელ ფარუხთან, სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, საგზაო სამუშაოების შესრულებისას აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ეს სოფელი და დაშბაშის მიმდებარე მთა 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.
საფლავში ათობით ადამიანის ნეშტი იპოვეს.
აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების საკითხთა სახელმწიფო კომისიამ ყარაბაღის პირველი ომის დროს, სოფელ ფარუხთან ბრძოლებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაკარგული სამხედროების სია გამოაქვეყნა. სიაში 62 ადამიანია.
აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღმოჩენილი საფლავიდან ამოღებულია ნეშტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყარაბაღის პირველი ომის დროს გაუჩინარებულ ადამიანებს ეკუთვნით.
დაინიშნა სასამართლო და მოლეკულური გენეტიკური ექსპერტიზა.
„აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა აგრძელებს საგამოძიებო და ოპერატიულ საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, იძიებს შეიარაღებული ძალების მიერ ომის, ტერორიზმის, განზრახ მკვლელობის და მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებს, ჩადენილს, სომხეთისა და არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სამხედრო პროკურატურის განცხადებაში.
ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებები ბრიუსელში