სომხეთის გენპროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის უკანონო ქონების კონფისკაციას ითხოვს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის აქტივების კონფისკაცია.
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა საქმე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და მასთან დაკავშირებული პირების უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის შესახებ. უწყება მოითხოვს, რესპუბლიკის საკუთრებაში გადავიდეს 22 უძრავი ქონება, ობლიგაციები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება. ქონების სრული სია პარლამენტში გენერალურმა პროკურორმა, ანა ვარდაპეტიანმა გააჟღერა.
სარჩელი სომხეთის ანტიკორუფციულ სასამართლოში 2023 წლის ოქტომბერში შევიდა. ბოლო სხდომებზე სასამართლო განიხილავდა ქოჩარიანის წარმომადგენლის შუამდგომლობას, რომელიც ითხოვდა სარჩელის უარყოფას სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების წარმომადგენელი, არამ ორბელიანი აცხადებს, რომ ამ საფუძველზე სარჩელი საერთოდ უნდა გაუქმდეს. თუმცა, პროცესი ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება.
პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი აღნიშნავს, რომ უკანონო ქონების კონფისკაციის საქმეებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი ანტიკორუფციული სასამართლო. მისი თქმით, ეს სასამართლო “ძველი, გაყინული სისტემის ტრადიციებით არ მოქმედებს და მას სჭირდება რეფორმები“.
“გარდა ამისა, პროცესმ უკვე მიაღწია საკონსტიტუციო სასამართლოს და მიიღო მისი დადებითი შეფასება. საკონსტიტუციომა სასამართლომ ცნო კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისად. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც გაფანტა ეჭვები პროცესის უკანონობის შესახებ. ახლა საქმეები გაცილებით მარტივად და სწრაფად წარიმართება“, – უთხრა მეგრაბიანმა JAMnews-ს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილში საკონსტიტუციომა სასამართლომ დაადასტურა, რომ კანონი “უკანონო წარმოშობის ქონების კონფისკაციის შესახებ“ შეესაბამება ქვეყნის მთავარ კანონმდებლობას. ამ კანონის მიხედვით, პროკურატურას უფლება აქვს ქონება მიიჩნიოს უკანონოდ შეძენილად და მიმართოს სასამართლოს მისი სახელმწიფო საკუთრებაში გადატანის მოთხოვნით.
- “გადაგივლით!“ – ფაშინიანი სომხეთის ექს-პრეზიდენტებს დებატებში იწვევს
- ამერიკული თუ თურქული შეთავაზება? 90-იან წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიული გაცვლის განხილვა
ქონების სია, რომლის კონფისკაციასაც სომხეთის გენპროკურატურა რობერტ ქოჩარიანისგან მოითხოვს
სომხეთის გენერალური პროკურატურა უკანონოდ შეძენილად მიიჩნევს და კონფისკაციას ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შემდეგ ქონებას:
- 22 უძრავი ქონება
- ორი უძრავი ქონების შესყიდვის უფლება
- 3 მილიონ დოლარზე მეტი
- ობლიგაციები 985 მილიონი დრამის ოდენობით (დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი)
- საბანკო ანაბრები 1,4 მილიონ დოლარზე მეტის ოდენობით
- წილები 15 იურიდიულ კომპანიაში
- სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება შემდეგ ოდენობებზე: 4 მილიონ დოლარზე მეტი, 8,3 მილიარდი დრამი (დაახლოებით 21,5 მილიონი დოლარი), 260 მილიონი რუბლი და 590 ათასი ევრო
- 2 სატრანსპორტო საშუალება
- სხვა ქონება, რომელიც შეძენილია 3,8 მილიარდ დრამად (დაახლოებით 9,8 მილიონი დოლარი)
- 20 მილიარდ დრამზე მეტი (თითქმის 52 მილიონი დოლარი)
სარჩელი წარდგენილია რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, მათ შორის: მისი მეუღლე ბელა ქოჩარიანი, ქალიშვილი გაიანე ქოჩარიანი და მისი ქმარი ვიგენ ჩატინიანი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის ორი შვილი — ლევონ და სედრაკ ქოჩარიანები და მათი მეუღლეები — მომღერალი სირუსო (სირანუშ ქოჩარიანი) და ზარუი ბადალიანი.
დახურული სასამართლო სხდომები — ვიდეოჩაწერის გარეშე
ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ქონების კონფისკაციის საქმეზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართა. ამ ეტაპზე განხილვა ეხებოდა მხოლოდ საჩივრის ვადებთან დაკავშირებულ შუამდგომლობას, რომელიც წარადგინა ბრალდებულის წარმომადგენელმა, ცნობილმა ადვოკატმა არამ ორბელიანმა.
გამოძიება დაიწყო 2020 წლის 8 ოქტომბერს და მისი სამწლიანი ვადა იწურებოდა 2023 წლის 9 ოქტომბერს.
სასამართლოს თავმჯდომარე ნარინე ავაგიანი განმარტავს, რომ ვადების განსაზღვრისთვის გამოყენებულია კანონის — „უკანონო წარმომავლობის ქონების კონფისკაციის შესახებ“ — მერვე მუხლი. ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც „პირს შეატყობინეს/ან უნდა სცოდნოდა თავისი უფლების დარღვევის შესახებ“.
ამავე მუხლის თანახმად, გამოძიების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს, თუმცა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მისი ერთი წლით გაგრძელება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, უფროსმა პროკურორმა გევორქ ქოჩარიანმა წარუდგინა სასამართლოს საფოსტო ქვითარი და კონვერტის ასლები, რომლებიც ადასტურებს, რომ შეტყობინება ბრალდებულს ჩაბარდა 2023 წლის 9 ოქტომბერს. სასამართლომ ეს დოკუმენტები მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმისთვის, რომ სარჩელის ვადა არ არის გასული.
საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდებულის შუამდგომლობით სხდომები ვიდეოჩაწერის გარეშე ტარდება. თუმცა ჩვეულებრივ, ყველა სასამართლო სხდომა იწერება, თუ მხარეები წინააღმდეგი არ არიან.
კომენტარი
პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ “მასშტაბური პროცესის“ შედეგის წინასწარ პროგნოზირებას. თუმცა, მისივე თქმით, პროცესი მართლაც მასშტაბურია, რაც ჩანს “მოძრავი და უძრავი ქონების შთამბეჭდავი სიის“ მიხედვით.
ამავე დროს, ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ მაღალჩინოსნების ინტერესები, რომლებიც უკანონო ქონებას ფლობენ, ემთხვევა რუსეთის ინტერესებს სომხეთში:
“ქონების კონფისკაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის გავლენას სომხეთში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შედეგი — სახელმწიფოსთვის უკანონოდ მითვისებული თანხებისა და ქონების დაბრუნებასთან ერთად,“ — აცხადებს მეგრაბიანი.
მისი თქმით, საქმე ეხება ისეთ ფიგურებს, რომლებიც მოსკოვის მიერ ფინანსდებიან და წარმოადგენენ რუსეთის “პოლიტიკურ აქტივს“ სომხეთის შიგნით.
ამავდროულად, ანალიტიკოსი კრიტიკულად აფასებს სომხეთში მიმდინარე სასამართლო რეფორმებს. ამას ის ასევე უკავშირებს “სომხური იურიდიული სკოლის“ დღევანდელ მდგომარეობას:
“ამ ეტაპზე ეს სკოლა ჯერ კიდევ რჩება გაგიკ არუთუნიანისა [სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 1996-2018] და აღვან ოვსეპიანის [გენერალური პროკურორი 2004-13] იურისპრუდენციის მემკვიდრედ და ნაყოფად. და ეს იურისპრუდენცია კი არა, ხულიგნობაა,“ — ამბობს მეგრაბიანი.
მისი შეფასებით, აუცილებელია ამ “საბჭოთა მემკვიდრეობის“ მოცილება სისტემიდან.