სომხეთი ჰიბრიდული თავდასხმების ზეწოლის ქვეშ: რომელი ძალები ავრცელებენ დეზინფორმაციას და რა მიზნით
არჩევნების წინ სომხეთზე ჰიბრიდული თავდასხმები
2026 წლის ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთი ჰიბრიდული ზეწოლის მზარდი ტალღის წინაშე დგას. ერევანი უკვე ღიად საუბრობს კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედებასა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დახმარებისთვის ევროპელ პარტნიორებს მიმართა. ევროკავშირმა გადაწყვიტა 15 მილიონი ევროს გამოყოფა სომხეთის მდგრადობის გასაძლიერებლად, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეტალები საკუთარ ყოველწლიურ ანგარიშში გამოაქვეყნა. უწყება კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდება ცრუ, დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია, ხოლო საინფორმაციო სივრცეში გაძლიერდება სომხეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნარატივები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კამპანია აშკარა პროპაგანდისა და ფარული ოპერაციების კომბინაციას დაეყრდნობა. თუ ღია შეტევებს ძირითადად უცხო სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და მათთან დაკავშირებული სადაზვერვო რესურსები ახორციელებენ, ფარული ქსელები მოქმედებენ ისე, რომ მათ უკან უცხო აქტორის კვალი არ იკვეთება – ისინი იყენებენ ვებსაიტებსა და ყალბ ანგარიშებს, რათა უფრო შოკისმომგვრელი და ემოციური ეფექტის მქონე ისტორიები გაავრცელონ.
დაზვერვის სამსახურის შეფასებით, 2025 წელს აქტორები ფართოდ იყენებდნენ ბოტნეტებს, რეკლამებსა და ხელოვნურ ინტელექტს ყალბი ტექსტებისა და აუდიოვიზუალური მასალების შესაქმნელად. ტენდენცია ასეთია: ყალბი ამბები პირველად უცხოურ პლატფორმებზე ქვეყნდება და შემდეგ “ლეგიტიმდება“ რეგიონული აქტორების მეშვეობით. მსგავსი დინამიკა სავარაუდოდ, 2026 წელსაც გაგრძელდება.
ადგილობრივი მედიის ექსპერტები ამბობენ, რომ დეზინფორმაციის ძირითადი ნაკადი რუსული ბოტნეტებისა და აზერბაიჯანული პროპაგანდისტული რესურსებისგან მოდის. ბოლო პერიოდში სომხეთი კრემლის მომხრე “მატრიოშკას“ ქსელის პირდაპირ სამიზნედ იქცა: იგივე ბოტნეტი, რომელიც ადრე უკრაინასა და მოლდოვას ესხმოდა თავს და ევროპელ ლიდერებს დისკრედიტაციას უწევდა.
ახლა ქსელი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს ავრცელებს, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ, მათ შორის ე.წ. “გაზის კამერების“ მშენებლობას უკავშირებენ და ცნობილ პირებს მისი წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
შეტევები მხოლოდ ფაშინიანს არ ეხება. ერთ-ერთ ყალბ პუბლიკაციაში პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანს მაღალი თანამდებობის პირებისთვის პედოფილური ქსელის შექმნას აბრალებენ და ამ საქმეში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ჩართვაზეც წერენ.
სხვა კამპანია პრემიერ-მინისტრს მოსამართლეების საკუთარი წრიდან დანიშვნაში ადანაშაულებდა, რასაც სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად უწოდა სიცრუე და განმარტა, რომ ფაშინიანს სასამართლო დანიშვნებზე გავლენა არ აქვს.
ამასობაში აზერბაიჯანული ვებსაიტები ავრცელებენ ევროკომისიის გაყალბებულ წერილებსა და ვიდეოებს, სადაც სომხეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ეს მასალები შემდეგ სომხურ პრორუსულ მედიასა და Telegram-არხებში ვრცელდება.
პოლიტოლოგი ბორის ნავასარდიანი ამბობს, რომ ასეთი კამპანიები შემთხვევითი არ არის და ისინი საზოგადოებრივი განწყობების წინასწარ ანალიზს ეფუძნება.
“ჩვენი საზოგადოება დიდად ენდობა ციფრულ რესურსებში გავრცელებულ ინფორმაციას. რუსეთი ასეთ ოპერაციებს ბრმად არ გეგმავს, ამას წინ უძღვის საზოგადოების რეაქციის შეფასება. სწორედ ამიტომ არის მათი მეთოდები ეფექტური,“ — ამბობს ნავასარდიანი.
მისი თქმით, ფაშინიანისა და მთავრობის დისკრედიტაცია უშუალოდ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. თუნდაც მიზანი ხელისუფლების შეცვლა არ იყოს, ამოცანაა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციის შერყევა და შედეგებზე ეჭვის გაჩენა.
დეზინფორმაცია, ნავასარდიანის შეფასებით, ასევე ელექტორატის ფრაგმენტაციას ემსახურება ისე, რომ ვერც ერთმა ძალამ სტაბილური უმრავლესობა ვერ მოიპოვოს და ქვეყანა სუსტ კოალიციებზე დამოკიდებული გახდეს. ასეთ პირობებში რთულდება უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართულებით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ნავასარდიანი ამბობს, რომ ბაქოს მიზანი სომხეთის საერთაშორისო იმიჯის შერყევაა. ერევნის დასავლური მხარდაჭერის გაძლიერება აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის გამოყენებას ცდილობს მოლაპარაკებებში სასურველი შედეგების მისაღებად.
ამავე დროს, პარადოქსულად, ბაქოს გარკვეული ნაბიჯები ფაშინიანის პოზიციებს შიდა პოლიტიკაში აძლიერებს, მათ შორის ტყვეების დაბრუნება და უფრო რბილი ტონი კომუნიკაციების გახსნის საკითხში. თუმცა ნავასარდიანი ამბობს, რომ რეალური გამოცდა საზღვრის დელიმიტაციის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იქნება, სადაც აზერბაიჯანი 2022 წელს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შევიდა.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის მთავარ იარაღად ნავასარდიანი ხარისხიან ინფორმაციას ასახელებს.
“პატარა ქვეყნებს არ აქვთ რესურსი, სრულად დაბლოკონ ყალბი არხები. ბევრად ეფექტურია გადამოწმება, უარყოფა და მაქსიმალური გამჭვირვალობა. ყალბ ამბებსა და სანდო ინფორმაციას შორის კონკურენციაში ბოლოს ყოველთვის სანდო ინფორმაცია იმარჯვებს,“ – ამბობს ის.
სომხეთში უკვე შეიქმნა StratCom-ის სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. მისი ეფექტიანობა, ექსპერტების თქმით, დიდწილად განსაზღვრავს, რამდენად მზად იქნება ქვეყანა არჩევნების წინ საინფორმაციო შტორმის გასაძლებად.