amnesty international-ის წერილი გენერალურ პროკურორს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები
ანდრო ჭიჭინაძე და სინდისის პატიმრები
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty Internarional ანდრო ჭიჭინაძესა და სინდისის სხვა პატიმრებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ წამოყენებული მტკიცებულებები არასაკმარისია, ხოლო ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Amnesty International “ქართულ ოცნებას” ახსენებს, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და სინდისის სხვა პატიმრების კრიმინალებად მოხსენიებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, დაკავებულებმა სამართლიანი სასამართლო მიიღონ, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ისინი.
ასევე წერილში ორგანიზაცია მოითხოვს პოლიციის მიერ მომიტინგეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა დაფიქსირებული ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას.
რა წერია წერილში
“ვწუხვარ ქართველი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 მომიტინგის მიმართ „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენების გამო. ყველა მათგანი დაკავებულია 2024 წლის დეკემბერში თბილისში გამართული პროევროპული აქციების დროს და ამჟამად მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესი. გირაომდე უარის თქმამდე ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულების მიმართ წინასასამართლო სხდომა უსამართლოდ წარიმართა, მათი არგუმენტები დაკავების წინააღმდეგ სათანადოდ არ იქნა განხილული.
ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანაბრალდებულებს ბრალად ედებათ “ჯგუფური ძალადობა“. მიუხედავად ამისა, მათ შორის არაფერია საერთო, მათი დაკავების პერიოდში არ არსებობს ორგანიზებული ან კოორდინირებული ძალადობის მტკიცებულება (პირიქით, ეს იყო პოლიციის მიერ უკანონო ძალის გამოყენების შედეგად გამოწვეული ცალკეული ინციდენტები) და პროკურატურამ ვერ დაადგინა დანაშაულის ძირითადი ელემენტები, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ის აქციის დროს ჯოხს ისვრის. პოლიციამ ვერ აჩვენა, სად დაეცა საგანი და გამოიწვია თუ არა ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე ვიდეოში და რამდენიმე სხვა ვიდეოში, რომელიც Amnesty International-მა გადაამოწმა, ჩანს, რომ პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მომიტინგეებს.
ანდრო ჭიჭინაძის მიმდინარე სასამართლო სხდომას თან ახლავს სერიოზული დარღვევები, მათ შორის, სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე, დაცვისთვის არასაკმარისი დროის მიცემა მოსამზადებლად და ზოგიერთი თანაბრალდებულის თვითნებური გაყვანა სასამართლო დარბაზიდან მოსმენის დროს. მის თანაბრალდებულების მიმართაც სახეზეა იგივე დარღვევები. სასამართლომ უსიტყვოდ მიიღო პოლიციის ოფიცრების ჩვენებები, მათ შორის იმ ოფიცრის, რომელმაც შეცდომით ამოიცნო ბრალდებული, რომელიც იმ მომენტში სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი დამნაშავე.
ამავე დროს, მაღალჩინოსნებმა საჯაროდ მოიხსენიეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვები, როგორც კრიმინალები, რაც არღვევს მათი უდანაშაულობის პრეზუმფციას. სასამართლომ არ გამოიძია სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ბრალდებები, რომელიც რამდენიმე თანაბრალდებულმა წამოაყენა. საქართველოში მთავრობის მიერ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების მიმართ მიმდინარე, სასტიკი რეპრესიების კონტექსტში, მათ შორის პოლიციის მიერ უკანონო ძალის ფართოდ გამოყენების, თვითნებური დაკავების, წამების და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის და უსამართლო სასამართლო პროცესის ფონზე, ანდრო ჭიჭინაძისა და მისი ათი თანაბრალდებულის დაკავება და სასამართლო პროცესი, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ყველა მომიტინგეზე დამაშინებელი ეფექტის შექმნას.
ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები ანდრო ჭიჭინაძისა და მისი 10 თანაბრალდებულის დაკავების კანონიერების გადასინჯვის მიზნით და უზრუნველყოთ მათი ხელახალი სამართლიანი განხილვა ან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ისინი.
ასევე მოვითხოვ პოლიციის მიერ მომიტინგეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა დაფიქსირებული ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას, მათ შორის წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს. მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს კრიმინალური სისტემის ბოროტად გამოყენება მშვიდობიანი პროტესტისა და სხვა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.” – წერია Amnesty International-ის წერილში.
კომენტარი

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი და Amnesty International-ის დასკვნიდან ამონარიდებს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:
“Amnesty International-მა ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარის დასკვნით სიტყვამდე რამდენიმე საათით ადრე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
ამნესთი დასკვნაში წერს, რომ:
● ა. ჭიჭინაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლით სახეზეა მთლიანი სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენების ფაქტი.
● წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი. არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
● ანდრო ჭიჭინაძეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში სხვა ბრალდებულებთან არაფერი აკავშირებს.
● არ არსებობს მტკიცებულება რომ ანდრო ჭიჭინაძის მოქმედებით ვინმეს ზიანი მიადგა ან საფრთხე შეექმნა.
● ბრალდების ვიდეოებზე უცხოეთში ჩატარდა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ ბრალდების ვიდეოებში ჩანს – პოლიციის მიერ უკანონო ძალის გამოყენება და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
● ვიდეოებში არ ჩანს ანდრო ჭიჭინაძის განზრახ უკანონო მოქმედება და რაიმე მიზეზობრივი კავშირი.
● ვიდეოებში არ ჩანს, სად დავარდა სადავო ნივთი.
● ბრალი არის კოლექტიური, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.
● საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი დაზარალებული სამართალდამცავი ვერ ცნობს ანდრო ჭიჭინაძეს და ამბობს რომ მათ მსახიობი არ დაუნახავთ, შესაბამისად, არც ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედება.
● ამნესთი ინთერნეიშენალი წერს, რომ მთელი პროცესის მანძილზე, საქმის განხილვა მიმდინარეობდა ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით.
● საზოგადოებრივი ადვოკატების იძულების წესით დანიშვნა არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
● მმართველი პოლიტიკური პარტიის (ქართული ოცნება) მაღალი თანამდებობის პირების მიერ ანდრო ჭიჭინაძის მისამართით 8 თვის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი, რომელზედაც საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ დასკვნაში წერს.”