შსს: საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორია
შსს ფარცხალაძე ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორია
ოთარ ფარცხალაძე, რომელიც წარსულში ქვეყნის უმაღლეს სამართალდამცავ თანამდებობას იკავებდა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი იყო, დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად არის დასახელებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ორგანიზატორად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასახელა და საქმე სრულად გახსნილად გამოაცხადა.
ამის შესახებ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, 2025 წლის 15 მარტს მოკლეს.
შსს-ს განცხადებით, მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის სტრუქტურა, ისე პირი, რომელიც ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ”, – განაცხადა დარახველიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება უკვე გამოსცა.
როგორ აღწერს გამოძიება მკვლელობის ორგანიზებას
შსს-ს ვერსიით, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის „უპირობო ლიდერი“ – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გამოძიების თანახმად:
– ფარცხალაძის მითითებით, ბიზნესმენები და კრიმინალური ავტორიტეტები დავით და გიორგი მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ პირს, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს.
– ჯოხაძემ მკვლელობის გეგმა გაანდო მისი დაცვის ყოფილ წევრს, გელა უძილაურს.
– ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ.
ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. 12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 24 ოქტომბერს უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ოთარ ფარცხალაძის ბრალი და შემდგომი ნაბიჯები
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, მკვლელობის ორგანიზატორი ოთარფარცხალაძეა. მას ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შსს-ს ინფორმაციით, მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაც.
ბექგრაუნდი – ვინ არის ფარცხალაძე. სანქციები და რუსეთის კავშირი
ოთარ ფარცხალაძე, ამჟამად ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორია და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირია.
ფარცხალაძე ბოლო სამი წელია რუსეთში ცხოვრობს. მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და გვარი შეიცვალა – რომანოვი გახდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სანქციები ფარცხალაძეს დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.
დეპარტამენტის ინფორმაციით:
ფარცხალაძე ფლობდა ბიზნესს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერთან, ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. კერძოდ კი, მათ ჰქონდათ მოსკოვში რეგისტრირებული საკონსულტაციო კომპანიები, რომელთა 50 პროცენტიანი წილის მფლობელი ფარცხალაძე იყო.
სავარაუდოდ, სწორედ ონიშენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში
დოკუმენტების თანახმად, ფარცხალაძე „სრულად არის ინტეგრირებული რუსულ იდენტობაში“ და რეგულარულად ჩადის რუსეთში, ხოლო ФСБ მას იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოსახდენად.
სულ მცირე 2024 წლიდან ფარცხალაძემ გვარში „რომანოვი“ დაიმატა. მისი მეგობრის, მამუკა ფიფიას თქმით, ეს დაკავშირებულია „აღმოჩენილ ისტორიულ ფესვებთან“.
მამუკა ფიფია პრორუსული პარტიის – „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ – საგარეო მდივანია და საჯაროდ ადასტურებს კონტაქტებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
როგორ იცავდა ფარცხალაძეს “ქართული ოცნება”
ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული და დამცავი განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა.
კობახიძის თქმით, მსგავსი ნაბიჯები არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელ სამართლებრივ პრაქტიკას ქმნიდა. მისი პოზიციით, საერთაშორისო სანქციების ავტომატური აღსრულება საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიუღებელი იყო.
2023 წლის 19 სექტემბერს კობახიძემ ფარცხალაძის საკითხზე დამატებით აღნიშნა, რომ „არ შეიძლება ადამიანს აგენტი დაუძახო“ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, და ხაზგასმით თქვა, რომ ხელისუფლებას მსგავსი შეფასებების გაკეთებამდე ფაქტობრივი საფუძველი სჭირდება.
2023 წლის 18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს, რადგან 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად – სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.
თუმცა, კობახიძის განცხადების და “ქართული ოცნების” მხრიდან ფარცხალაძის მხარდაჭერის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომელმაც ფარცხალაძის მიმართ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების აღსრულება დროებით შეაჩერა.
მეტიც, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში სპეციალურად ფარცხალაძის გამო ცვლილება შეიტანა – საერთაშორისო სანქცია საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გავრცელდებოდა.
ამგვარი მხარდამჭერი ღონისძიებების წყალობით, როგორც მედია წერდა, ფარცხალაძემ მოახერხა საქართველოში არსებული ქონების გადარჩენა და სხვა პირებზე გადაფორმება.
კიდევ რა ითქვა შსს-ს ბრიფინგზე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კრიმინალურ ავტორიტეტებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს, ბრალი წარდგენილი აქვთ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის.
მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დავით მიქაძეს დამატებით ბრალი ედება ჯანგველაძის საქმეში ჩართული ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის მუქარის ფაქტზეც.
გამოძიება პარალელურად აღწერს სხვა სისხლის სამართლის ეპიზოდებსაც, რომლებიც მიქაძესა და მის გარემოცვას უკავშირდება.
შსს-ს ვერსიით, 2021 წლის დასაწყისში: დავით მიქაძემ და მისი დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ განიზრახეს ვახტანგ კობიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო დაუფლება. ჩუბინიძემ კობიაშვილი აიძულა, მისთვის სახლის გასაღები გადაეცა და შემდეგ პოლიციისთვის ეთქვა, რომ იარაღები „დაუდგენელმა პირმა მოიპარა“.
შედეგად, ისინი უკანონოდ დაეუფლნენ რამდენიმე ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, მათ შორის GLOCK-ისა და SIG-SAUER-ის მოდელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი იარაღი – GLOCK 42 – მოგვიანებით დავით ღოღელიანზე გაასაღეს. ღოღელიანი 19 სექტემბერს დააკავეს და ის წინასწარ პატიმრობაშია.