შობა ჯავახეთში
შობა ჯავახეთში
“კავკაზსკი უზელ”
25 დეკემბრის საშობაო ლიტურგია, მღვდლების ნაკლებობის გამო, ჯავახეთის 10 სოფლიდან მხოლოდ 2-ში ჩატარდება. მეორე დილით კი ლიტურგიის შემდეგ ორივე მღვდელი დანარჩენ 8 კათოლიკურ სოფელში გაემგზავრება სადღესასწაული წირვების აღსავლენად; რასაკვირველია – თუკი რეგიონში ისევ დიდი თოვლი არ მოვა და მაღალმთიანი სოფლების მისადგომ გზებს არ გადაკეტავს.
ჯავახეთი – საქართველოს ერთ-ერთი მხარის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული სახელია, რომელიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას შეესაბამება. ეს არის მაღალმთიანი რეგიონი გრძელი, მკაცრი ზამთრითა და მოკლე ზაფხულით. ჯავახეთის ბევრი სოფელი ძნელად მისადგომია.
2014 წელს ჩატარებული, მოსახლეობის ჯერჯერობით ბოლო აღწერის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 160 504 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 81 089 (50,52%) – ეთნიკური სომეხია.
ამ მხარის მოსახლეობიდან 15 024 ადამიანი (9,3%) თავს კათოლიკედ მიიჩნევს.
უშუალოდ ჯავახეთის – ნინოწმიდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის, სადაც შესაბამისად 24 491 და 45 070 ადამიანი ცხოვრობს, ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის შესახებ აღწერის მასალებში არანაირი მონაცემები არ არის.
საშობაო წირვებს სოფლების უმეტესობაში საფრთხე ემუქრება
სომეხი კათოლიკეები კომპაქტურად ჯავახეთის 10 სოფელში ცხოვრობენ. ამ სოფლიდან ოთხი – უჯამანა, თორია, ჟდანოვკა და ხეშტია – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის; კიდევ ექვსი – ალასტანი, ვარევანი, ტურცხი, კარტიკამი, ბავრა, ხულგუმო – ახალქალაქისას.
ჯავახეთის სომხური კათოლიკური თემის წარმომადგენლებმა “კავკაზსკი უზელს” აცნობეს, რომ საქართველოში სულ ხუთი კათოლიკე მღვდელია, რომელთაგან ორი ჯავახეთში ცხოვრობს და მსახურობს.
ანტონ ანტონიანი სოფელ ეშტიაში ცხოვრობს და მსახურობს, ადრეი იანიცკი კი – სოფელი ტურცხის მუდმივი სამღვდელო პირია. მათ მიერ სხვა სოფლებში წირვების აღვლენის განსაზღვრული პერიოდულობა არ არსებობს. მღვდლები სოფლებში საჭიროების მიხედვით ჩადიან – როდესაც მათ ვინმეს მონთვლას ან ჯვრის დაწერას სთხოვენ.
“მღვდლების ნაკლებობაა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებენ თითოეულ ეკლესიაში ყოფნას”, – ამბობს სოფელ ხულუგმოს ეკლესიის მრევლი ავთანდილ დულხანიანი.
ჯავახათის მოსახლეობა თავიანთ მხარეს ქართულ ციმბირს ეძახის. სახლებს აქ მაისის შუა რიცხვებამდე ათბობენ. რაიონის ბევრი სოფელი, ცუდი გზების გამო, ზაფხულშიც კი ძნელად მისადგომია, რომ აღარაფერი ვთქვათ ზამთარზე. მაგალითად 21 დეკემბერს, ადგილობრივების თქმით, ახალქალაქის რაიონის სოფლებში – ალასტანსა და ვარევანში მსუბუქი ავტომანქანით მოხვედრა შეუძლებელი იყო. ისეც ხდება, რომ ნამქერში გასული ავტომობილის მძღოლები გზაზე იყინებიან, და იქ რამდენიმე დღით უწევთ დარჩენა.
ორი მღვდელი, რომელსაც ჯავახეთის მრევლი გაყოფილი ჰყავს, დროის დიდ ნაწილს საკუთარ სოფლებში ატარებს. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება ის ვითარება, რომ სწორედ ამ სოფლების მოსახლეობა მიიჩნევა ადილობრივთა შორის უფრო რელიგიურად, და ისინი კათოლიკური ეკლესიის კანონებში მართლაც უკეთ ერკვევიან.
საერთოდ კი, როგორც რეგიონის მცხოვრებნი და თავად მღდელმსახურები ამბობენ, კათოლიკურ სოფლებში ახალგაზრდობა იშვიათად დადის ეკლესი აში, არც კი იციან ან აღსარება როგორ უნდა თქვან ან როგორ ეზიარონ, და არც ქადაგებებს ესწრებიან.
აქაურების თქმით, შობა მათთვის – “წმინდად სულიერი და საეკლესიო” დღესასწაულია. ეს არის ლოცვის და ეკლესიაში ყოფნის დღე, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ რაიმე ბრჭყვიალა სამშვენისებით შეამკო. ვინც ნაკლებად ასკეტურია, საღამოს სადღესასწაულო სუფრას შლიან და დღესასწაულს ოჯახურ წრეში აღნიშნავენ, თუმცა ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების ჩუქების ტრადიცია არც მათ აქვთ.
ჩვენ სხვა ქვეყნების კათოლიკეებივით არ აღვნიშნავთ შობას. ამ დღეს ჩვენ ეკლესიაში მივდივართ, ვლოცულობთ, სანთლებს ვანთებთ, შემდეგ კი შინ ვბრუნდებით, ეს არის და ეს”, – გვიამბობს ნინა, ხულგუმოს მკვიდრი.
სომხებმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 301 წელს აღიარეს. თუმცა, ქრისტეს შესახებ სწავლება სომხეთში უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნიდან აქტიურად ვრცელდებოდა. 2016 წელს აღინიშნა სომხურ ენზე გამოცემული პირველი ბიბლიის 350-ე წლისთავი. ის 1666 წელს ამსტერდამში დაიბეჭდა.
ქრისტიანობა – მთელი მსოფლიოს სომხების ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია. ხშირად სწორედ ეკლესიისა და მღვდლების, მათ შორის დიასპორის წარმომადგენლების, საშუალებით ამყარებენ სომხები თავიანთ თანამემამულეებთან ურთიერთობას.
ჯავახეთში კათოლიკეებს “ფრანგებს” ეძახიან. ამ სიტყვის ეტიმოლიგია დაკავშირებულია იმ მღვდლების წარმოშობასთან, რომლებმაც სომხებს შორის კათოლიციზმი გაავრცელეს (ძირითადად ფრანგები და იტალიელები). თუმცა ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობებიც აქვს: “ჯვაროსანი”, “ევროპელი”, და “უცხო”.
“წინათ უხეშად ფრანგებს გვეძახდნენ. და თუკი თავიდან მწყინდა ეს სიტყვა, დღეს მხოლოდ მახარებს. ეს უბრალოდ ჩემი აღმსარებლობის აღნიშვნაა, და სხვა არაფერი”, – ამბობს სოფელ ეშტიას მრევლის წევრი, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“ფრანგი” – ერთადერთი ტერმინი არ არის. ასე ეძახიან ნინოწმინდას მახლობლად მცხოვრებ კათოლიკეებს “მშეცები”, ახალქალაქის კათოლიკეები კი საერთოდ ორ ჯგუფად იყოფიან – გეოგრაფიული საცხვრებელი ადგილის მიხედვით, მათ ან “ხას”-ს ეძახიან, ან “გბო”-ს.
კათოლიკე მღვდლების ნაკლებობა მხოლოდ დღესასწაულებზე არ იგრძნობა. ხშირად აქაურ წყვილებს ჯვარს ვერავინ სწერს. ზოგჯერ კათოლიკე ახალდაქორწინებულები ჯვრის დაწერის თხოვნით სომხურ სამოციქულო ეკლესიასაც მიმართავენ ხოლმე.
ეკლესიის მღვდელმსახურის სურბ ხაჩის თქმით, ორივე სომხური ეკლესია – კათოლიკურიც და სამოციქულოც – ერთმანეთისადმი ლოიალურობას იჩენენ. სომხური სამოციქულო ეკლესია არასდროს მიისწრაფვის ახლობელი ეკლესიის მრევლის გადაბირებისკენ; ამიტომაც თანხმდება კათოლიკეების ჯვრისწრას, თუმცა შემდეგ მათ არჩევანს უტოვებენ – ისევ კათოლიკებად დარჩნენ, თუ მათ მიეკედლონ.
სოფელ ეშტიას მღვდელმსახურის, ანტონ ანტონიანის თქმით, სომხური კათოლიკური ეკლესია, ვატიკანის ოფიციალური ნებართვით, მსოფლიოს სხვა კათოლიკურ ეკლესიებზე მეტი თავისუფლებით სარგებლობს.
“ვატიკანი უფლებას გვაძლევს, შობის წმინდა დღესასწაული 25 დეკემბერსაც აღვნიშნოთ და 6 იანვარსაც (შობის თარიღი სომხური სამოციქულო ეკლესიის მიხედვით – “კავკაზსკი უზელის” შენიშვნა)”, – ამბობს მაგალითისთვის ანტონ ანტონიანი, და განმარტავს, რომ სომხეთის კათოლიკურ ეკლესიებში საშობაო ლიტურგია 25 დეკემბერსაც ტარდება და 6 იანვარსაც.
ეს ნებადართულია ვატიკანისგან, როგორც გამონაკლისი, მაგრამ ევროპის კათოლიკეებისთვის ამგვარი რამ არ არის გათვალისწინებული.
მამა ანტონმა დაუდასტურა “კავკაზსკი უზელს”, რომ სომხეთის სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს შორის კარგი ურთიერთობაა, და ამ ორ ეკლესიას საერთოც ბევრი აქვს.
“ძირითადი განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვატიკანს ვექვემდებარები, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მღვდელი კი – ეჩმიაძინს. არც ჩვენ და არც ისინი არ ვცდილობთ მრევლის გადაბირებას. თემმა უკეთ იცის, თუ რომელ აღმსარებლობას განეკუთვნება. ჩვენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ვმსახურობთ, მაგრამ უთანხმოება და კონფლიქტი არ გვაქვს”, – ამბობს ანტონ ანტონიანი.