სენატორები და კონგრესმენები ვაშინგტონს მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები "ქართული ოცნების" მიმართ
სენატორების და კონგრესმენების წერილი
ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციაში გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა თბილისმა გაითვალისწინოს ეუთოს მიერ მომზადებული კრიტიკული ანგარიში, იგივე “მოსკოვის მექანიზმი”.
მოსკოვის მექანიზმის ანგარიში და მკაცრი შეფასებები
კანონმდებლების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის დასკვნები, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიულ კურსზე სერიოზულ კითხვებს აჩენს. განცხადების ავტორები ამტკიცებენ, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას“ ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს და “ხალხის მიერ მოპოვებულ თავისუფლებებს ასუსტებს“.
მათი თქმით, აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს სიგნალს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უფრო მკაცრი და კოორდინირებული ნაბიჯები გადადგან.
სანქციების მოთხოვნა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი
კანონმდებლები ვაშინგტონს მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, მათ შორის სანქციები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა
- “არადემოკრატიული და უსამართლო კანონების“ გაუქმება
ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში
ინიციატივას ხელს აწერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები, რაც ხაზს უსვამს საკითხის ორპარტიულ მნიშვნელობას აშშ-ის პოლიტიკაში. განცხადების ავტორებს შორის არიან სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი), კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრარტი), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატი) და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი).
მათი ერთობლივი პოზიცია მიუთითებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხი კვლავ რჩება ვაშინგტონის დღის წესრიგში და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დასავლეთის მხრიდან უფრო კოორდინირებული და მკაცრი პოლიტიკის საფუძველი გახდეს.
მოსკოვის მექანიზმი
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.
ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.