აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია. ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობას საწვავის არარსებობის გამო მუშაობა შეწყვეტილი აქვს, ხოლო იქ, სადაც ბენზინი ჯერ კიდევ მოიპოვება, გრძელი რიგებია. პრობლემები შეეხო როგორც რუსეთის ნავთობისა და გაზის გიგანტ “როსნეფტის“ სადგურებს, ისე კომპანია “Подорожник“-ის ობიექტებს, რომელიც რუს ბიზნესმენს, “როსნეფტის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის.
ოფიციალურად, დეფიციტი პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთში ცოტა ხნის წინ დაწესებულ ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვას, რომელიც 31 აგვისტომდე იმოქმედებს. მოსკოვის განმარტებით, ეს ნაბიჯი “შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად“ და სეზონური მოთხოვნის ზრდის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო, დაიგეგმა.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ვრცელდება თუ არა ეს შეზღუდვა აფხაზეთზე. ფორმალურად, არ ვრცელდება, თუმცა რუსეთის საწვავის ბაზარზე შექმნილი დისბალანსი ბუმერანგივით აისახა აფხაზეთზეც, რადგან რეგიონი ბენზინს მთლიანად რუსეთიდან იღებს.
აფხაზეთის ენერგეტიკის მინისტრი ბათალ მუშბა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ახალი პარტიის შემოტანა რუსეთიდან, რომელიც ადგილობრივ კომპანიებზე გადანაწილდება.
მისი თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება პროცესებს საწვავის ბაზარზე და მუდმივ კავშირშია რუსეთის შესაბამის უწყებებთან, რათა დროულად მოაგვაროს პრობლემები.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო