საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. გამოცემა BMG-ის განმარტებით, შესაბამისი განცხადება წერილობით მათ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა მიაწოდა.
“როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.
ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა.
სებ-ის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას და რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას უკავშირდება. პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.