საქართველოში ტყეები და მინდვრები იწვის. სამ დღეში ხანძრის 250 კერა გაჩნდა
გაზიარება
გაზიარება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში ქვეყანაში ხანძრის 250 კერა გაჩნდა, მათგან უმეტესობა – 243 ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 7 კერა. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
სამსახურის განმარტებით, საქართველოში ტყისა და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძოდა.
უწყების ინფორმაციით, კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც.
ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ადგილზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება მოახერხეს.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:
● შიდა ქართლში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
● რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია.
● იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში და ხონში.
● აჭარაში, ქედაში, უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
● სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში და აბაშაში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ფოტო: აიპრესიფოტო: მთავარი არხი
ტყეები იწვის აფხაზეთშიც
ოკუპირებულ აფხაზეთში ცეცხლმა უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.
განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა გალის რაიონში, სადაც ხანძარმა ცხრა სოფელი მოიცვა.
ხანძრების ძირითადი მიზეზი გლეხები არიან. ზამთრის პერიოდში ისინი, როგორც წესი, გამხმარ ბალახს წვავენ. ტერიტორიის ამგვარი გაწმენდის შედეგად ცეცხლი ტყის მასივებზეც გადავიდა.