საქართველოში შაბათ-კვირას შეზღუდვები იმოქმედებს. და, შესაძლოა, სკოლებიც უფრო მალე გაიხსნას
გაზიარება
გაზიარება
პრემიერის განცხადებით, თუკი საქართველოში ე.წ. “დადებითობის მაჩვენებელი” ოთხ პროცენტამდე ჩამოვა და ეს ტენდენცია ერთი კვირა შენარჩუნდება, მთავრობამ “შესაძლოა იმსჯელოს” დიდ ქალაქებში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნაზე. მათ შორის, სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე.
ე.წ. “დადებითობის მაჩვენებელი” არის ტესტირებულთა საერთო რაოდენობაში კორონა-დადებითების წილი. ანუ, გასულ 24 საათში საქართველოში 17 ათას 850 ტესტი ჩატარდა და აქედან 4.04 პროცენტი (723 ადამიანი) აღმოჩნდა დადებითი. ეს იმას ნიშნავს, რომ “დადებითობის მაჩვენებელი” არის 4.05 პროცენტი.
“როცა დადებითობის მაჩვენებელი გვექნება ოთხი პროცენტი შვიდი დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს,” – განაცხადა გახარია.
მისი თქმით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, შეზღუდვები არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოიხსნება და “ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს”.
საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლები მარტიდან დაკეტილია (მხოლოდ რამდენიმე კვირით გაიხსნა შემოდგომაზე) სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები პირველი იყო, რაც დაიკეტა.
მკაცრი ლოქდაუნი და კომენდანტის საათი ქვეყანაში ნოემბრიდან მოქმედებს. არ მუშაობს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არც მაღაზიები და კაფე-რესტორნები და არც სხვა რაიმე საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილი.
რა იცვლება პირველი თებერვლიდან?
პირველი თებერვლიდან, ორთვიანი შეზღუდვის შემდეგ, ქვეყანაში იხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები.
თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი მხოლოდ სამუშაო დღეებში იმუშავებს და შაბათ-კვირას დაკეტილი იქნება.
ამ აკრძალვას მთავრობა ადამიანების ნაკადის შემცირების სურვილით ხსნის – კვირის დღეებში, როდესაც ადამიანები მუშაობენ, მაღაზიებში სიარულისთვის მათ ბევრი დრო არ აქვთ – იყიდიან საჭირო ნივთს და წავლენ.
განსხვავებით დეკემბრისგან, პირველ თებერვალს გახსნილ მაღაზიებში გასახდელებიც იმუშავებს, გაცვლა-დაბრუნებაც იქნება შესაძლებელი და გარკვეულ ფართობზე მყიდველების დასაშვები რაოდენობაც გაიზრდება.
სხვა ყველა შეზღუდვა პირველი თებერვლის შემდეგაც ძალაში რჩება.