საქართველოში M-4 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება იგეგმება
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების და M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება იგეგმება. ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბურჭულაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, უცხოურ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, პროდუქციის გამოშვება კი 2022 წლისთვის იგეგმება.
“კონკრეტულად, ‘თავდაცვის ძალები 2030’ მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება”, – ამბობს მინისტრი.
წარმოების დასაწყებად მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს.
“უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას, მინისტრის თქმით, იარაღის წარმოება ქართულ-ებრაული საწარმო “დელტას” ტერიტორიაზე წლის ბოლოდან დაიწყება.
“ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები”, – თქვა მინისტრმა.
M4 (carabine 5,56 mm) მრავალფუნქციური ამერიკული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღია. თავდაპირველად ამ იარაღით იგეგმებოდა ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟების აღჭურვა, თუმცა მისი გამოცდის შემდეგ, პენტაგონმა მწარმოებელ ფირმას უფრო დიდი მარაგი შეუკვეთა, რომელიც საკმარისი იქნებოდა აშშ-ის სამხედროების აღსაჭურვად.

____________________________________
● აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში
● აგვისტოს ომის ფეთქებადი ნარჩენები
● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ
____________________________________
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წვევამდელების საკითხზე. მისი თქმით, შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
შესაბამისად, ამ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება და განხორციელდება სხვა ცვლილებებიც.
“აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას”, – განაცხადა მინისტრმა.