საქართველოს პრეზიდენტი: ევროპას არ გადავუგდივართ. ასე რომ ჩამოვრჩით 2 მეგობარს, ჩვენი ბრალია
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტი ევროპაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას არ გადავუგდივართ, რადგან “ასე რომ ჩამოვრჩით 2 მეგობარს, ეს ჩვენი ბრალია.”
გადაწყვეტილების შესახებ ზურაბიშვილი განმარტავს, რომ “ეს გაფრთხილებაა – რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო.”
“შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, და მე ვეთანხმები წინა გამომსვლელს, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით.” – აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში წერია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც არის ის, რაც აქამდე არავის უთქვამს ჩვენთვის:
“არავის მოუცია პირობა ჩვენთვის, რომ ამ პერსპექტივას მოგვცემდნენ, რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად ვერ მივიღებდით.”
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ მთავრობამ ეს 6 თვეც [წლის ბოლომდე] ისე გააგრძელა, როგორც ბოლო წელი, ხალხი პასუხს გასცემს.
“გვაძლევენ პირობითად ვადას 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუ ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატის სტატუსი და გვინდა, ჰო? ვიცით, რომ 85%-ს უნდა.” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
პირველი რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.