საქართველოში ათასობით ადამიანი საათობით დგას რიგში, რათა პატრიარქს უკანასკნელი პატივი მიაგოს - ფოტორეპორტაჟი
საქართველოს პატრიარქის გარდაცვალება
სამი დღეა საქართველოში ათასობით ადამიანი საათობით დგას რიგში იმისათვის, რომ უკანასკნელი პატივი მიაგოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
ილია მეორე 93 წლის ასაკში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
კათოლიკოს – პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართება. ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.
ტაძართან მისასვლელი რიგები არც ღამით წყდება. გუშინ, 19 მარტის საღამოდან, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. საღამოს წასულმა ადამიანებმა მხოლოდ გამთენიას შეძლეს ტაძარში შეღწევა.
ასეთი ხალხმრავლობა საქართველოში უკვე იქცა განსაკუთრებული ყურადღებისა და აღნიშვნის საგნად. ადამიანები წერენ, რომ არ ახსოვთ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური არც გლოვა და არც სიხარული.
ხალხთა ასეთი ნაკადის გამო, თბილისში სპეციალურ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტროსადგურების მუშაობა გახანგრძლივებულია.
21 და 22 მარტს მეტროც და ავტობუსებიც უფასო იქნება. უფასო იქნება სარკინიგზო მატარებლებიც, საქართველოს დიდი ქალაქებიდან. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი თავადაც აორგანიზებს რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფასოდ წასვლას პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად.


პატრიარქის სამძიმარზე მიმავალი ადამიანების უწყვეტი რიგი სამების ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე, ავლაბრის მეტროსადგურიდან იწყება.
მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს – ერთი ქუჩა ტაძარში ამსვლელი ადამიანებისთვისაა, მეორე ქუჩა ჩამომსვლელებისთვის.
მკაცრად ორგანიზებულია ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დროებით შეცვლილი მარშრუტები მოქმედებს.



ათასობით ადამიანი ტაძარში მიმავალ გზას მდუმარედ მიუყვება. გზად ხშირად შეგხვდებათ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც უფასოდ არიგებენ წყალს. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფთან JAMnews-ს უთხრეს, რომ ისინი კომპანია “კოკა-კოლადან” არიან.
ადამიანებს წყლითა და კომპოტებით უმასპინძლდებიან იმ ქუჩებზე მცხოვრები ადგილობრივებიც.

ყავა, ჩაი, წყალი – უფასოდ. ნებისმიერი საჭიროებისთვის უბრალოდ დააკაკუნეთ კარზე – წერია ფანჯარაში გამოდებულ ფურცელზე.

ტაძარში შესვლაც მკაცრად ორგანიზებული და კონტროლირებადია. ტაძრის ეზო სპეციალური რკინის ღობეებითაა შემოსაზღვრული. წესრიგს ჯარი და პოლიცია იცავს.
ადამიანები ტაძარში ორ რიგად შედიან და ორ რიგადვე, ორი სხვადასხვა გვერდითა კარიდან გამოდიან. ეს ერთადერთი გზაა ქაოსისა და ჭყლეტვის ასარიდებლად.

ხათუნა ვარდანიძე, ყვითელი ნარცისებით, პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად, სამი საათზე მეტია რიგში დგას. ამბობს, რომ სამების ტაძრის მრევლია, პატრიარქს არაერთხელ შეხვედრია და ეს დღე მისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

დავით რატივეკოვმა დღევანდელი დღისთვის სამოსი სპეციალურად შეარჩია. ეს ტანსაცმელი წლების წინ სპეციალურად დაუმზადებიათ საპატრიარქოში, პატრიარქის კურთხევით, ანსამბლ “ურმულის” წევრებისთვის.

ზურაბ ოქროპირიძე პატრიარქს 2012 წელს შეხვდა – მაშინ, როცა პატრიარქმა მისი გვარი დალოცა.
გვარების დალოცვა საქართველოში პატრიარქ ილია მეორის სახელთან არის დაკავშირებული. ეს რაიმე ოფიციალური საეკლესიო რიტუალი არ არის. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პატრიარქის კურთხევას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, ამიტომ, ხშირად, იკრიბებოდნენ ერთი გვარის ადამიანები და საპატრიარქოს მიმართავდნენ კურთხევისთვის. ზოგიერთი გვარი საგვარეულო ხატსაც აწერინებდა.


კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ეს მისი სურვილი იყო.
ამ დღეს საქართველოში მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს ელოდებიან. ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 12:00 საათზე მივა და მღვდელმთავრებთან ერთად აუგებს წესს პატრიარქს.
დაკრძალვაზე არაერთი ქვეყნიდან ელოდებიან სასულიერო პირებს. უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვას დაესწრებიან კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც, მათ შორის ვატიკანიდან.
კვირას სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ. იქ შესვლა აკრძალული იქნება მედიისთვისაც. მედიას და რიგით მოქალაქეებს კვირას არც სიონის ტაძარში შეუშვებენ, სადაც პატრიარქი უნდა დაკრძალონ.
ხვალიდან, 21 მარტიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება. ეს შეზღუდვები არაერთ ქუჩას ეხება, მათ შორის, ცენტრალურ ქუჩებს.
ამ შეზღუდვებზე დეტალურად ამ ბმულზე ნახავთ.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვაა გამოცხადებული. ამის გამო ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაუქმდა. მათ შორის, ქართველმა მუსლიმებმა გააუქმეს “ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ (მუსლიმებისთვის ყველაზე დიდ დღესასწაულები) დაკავშირებული ღონისძიებები.
საქართველოს პატრიარქის გარდაცვალება