საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში ვიზიტზეც უარი ეთქვა. ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ შეხვედრებზეც.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.
შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.” – ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტების დაბლოკვას ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
“ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა”. – წერს ლომჯარია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
მათი განმარტებით, პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება – სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
28 აგვისტოს, სლოვენიაში სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და აღნიშნა, რომ გაფართოება ოცნება აღარაა და დროა, ორივე მხარემ წინ წაიწიოს.