საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 7.7 პროცენტით გაიზარდა, წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.6 პროცენტია.
“ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები”. – ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში.
ამასთან, კლების ტენდენცია იყო ტრანსპორტისა და დასაწყობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
2022 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.1%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ათასობით ადამიანი შემოვიდა. გასული წლის ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ერთჯერადი მიგრაციული პროცესებითაა გამოწვეული.
ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამასთან, მიგრაციის შედეგად სტიმულირებული მოთხოვნის გამო უძრავი ქონების ფასები იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს.
მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) მიხედვით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.