საქართველოს სტატისტიკის ეროვნულისამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.3 პროცენტით გაიზარდა, წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის განმარტებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები”.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.
აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.
ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.
გამოცემის ცნობით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდაში მიგრანტების ეფექტს უარყოფს. პრემიერმინისტრის თქმით, ორნიშნა ზრდის მიზეზი “მთავრობის წინდახედულობა და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკაა”.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს ზრდა – ექსპორტი, ტურიზმი, “ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს, ასეთ ვითარებაში.”
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, შეცდომაა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.