საქართველო გვთავაზობს, ვუყუროთ
აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ამ დღეებში ტელევიზორს რთავენ ( უბრალო ანტენის მქონე ტელემიმღებებსაც) და ხედავენ, რომ მათთვის ჩვეული არხების სიას ერთბაშად 20 ქართული არხი დაემატა. როგორც “ეხო კავკაზა” აცხადებს, მაუწყებლობას ქართული კომპანია “სტერეო +” უზრუნველყოფს.
კომპანია “სტერეო +”-ის დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ მისმა კომპანიამ ტენდერი მოიგო და საქართველოს ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროექტზე მუშაობდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკომისიის მხარდაჭერით სარგებლობდა და 18 მილიონი ევრო ღირდა; თუმცა, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის უზრუნველყოფას არ ითვალისწინებდა და ეს სიახლე “უბრალოდ “სტერეო +”-ის ცალმხრივი, კეთილი ნების ჟესტია, რადგან კომპანიას არ აქვს [ამგვარი] ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ.”
ადრე ქართული არხების სუსტი სიგნალი აფხაზეთის აღმოსავლეთი ნაწილის ზოგიერთ სოფლამდე თუ აღწევდა. ამჟამად ზუგდიდში ტრანსლაციის მძლავრი სადგურია დამონტაჟებული და მისი სიგნალი მთლიანად ფარავს ოჩამჩირის რაიონს, ასევე ტყვარჩელისა და გულრიფშის რაიონების ნაწილს – სოფელ დრანდამდე.
აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები მათ ეთერში ქართული არხების გამოჩენას სხვადასხვაგვარად აფასებენ.
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნადეჟდა ვენიდიქტოვა ამ მოვლენას უაზრობად მიიჩნევს:
“ის ადამიანები, რომლებსაც ქართული არხების ყურება სურთ, ამას ინტერნეტითაც შეძლებენ. ხოლო, ვისაც ეს არ უნდა, ჩვეულებრივი ანტენითაც არ დაიწყებს ქართული არხების ყურებას. სრულიად უაზრო ნაბიჯია საქართველოს მხრიდან.”
ჟურნალისტი როინ აგრბა მიიჩნევს, რომ ეს არხები, გალის რაიონის მოსახლეობის გარდა, არავის სჭირდება.
“სხვებმა ხომ უბრალოდ ენა არ იციან. ვუყურე მაგ არხებს და, მიუხედავად იმისა, რომ რკინის ნერვები მაქვს და საკმაოდ ტოლერანტულიც ვარ, ნანახს მწყობრიდან გამოვყავდი და ამიტომ თანამგზავრული ანტენის გათიშვა გადავწყვიტე.”
მადლენა ხუროშვილი:
“ძალიან კარგია. მთავარია, ქართულ არხებს აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში “იარაღი” არ უწოდონ და მათი გაუქმება არ მოითხოვონ. ჩვენთან სახლში თანამგზავრი ქართულ არხებს იჭერს. მე არ ვუყურებ, რადგან არ მესმის. თარგმანი რომ არსებობდეს, ალბათ ვუყურებდი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფროსი თაობის ბევრ წარმომადგენელს ესმის ქართული.”
ალხაზ ჭკოტუა:
“თუ ამ არხებზე მთავარი აზრი ის იქნება, რომ აფხაზეთში ყველაფერი ცუდადაა, საქართველოში კი კარგად, და ამიტომ აფხაზეთი აუცილებლად საქართველოს ნაწილი უნდა გახდეს, მაშინ კაპიკია ამ არხების ფასი. თუკი ამ არხებზე საქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოფასა და საინტერესო მოვლენებს ასახავენ, რატომაც არ შეიძლება ამ არხების ყურება? სხვადასხვა მოსაზრებების წყალობით, ჩვენი საკუთარი, ობიექტური აზრი გვიყალიბდება. ვერაფერს ვხედავ სახიფათოს.”
მარიანა აჩბა:
“აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც შეუძლია საქართველოში ჩვენი ორი არხის ტრანსლირებაზე იფიქროს. რატომაც არა! და, ესეც კეთილი ნების ჟესტი იყოს”.
ადიცა სამანჯია:
“არ მინდა მათი დანახვა და არც მათ შესახებ მსურს რაიმეს მოსმენა. მახსოვს მათი კეთილი ნების ჟესტი 1992-93 წლებში.”
ალა ჩაკრიანი (სოფელ დრანდას მკვიდრი):
“ჩემთვის სულ ერთია, იქნება ეს არხები, თუ არა. მე ხელს არ მიშლის.”
მზია მუკბა:
“ნამდვილად არ ვუყურებ მაგ არხებს. რა თქმა უნდა, მათი მაუწყებლობა უნდა შევზღუდოთ – ზუსტად ისე, როგორც მიმოსვლა საზღვარზე. არ მაინტერესებს მათი არხები – პოლიტიკური სარჩული რომც არ ჰქონდეთ. არადა, ნამდვილად პოლიტიზირებული არხები იქნება – ამაოდ ხომ არ გადადგამდნენ ამ ნაბიჯს.”
აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის გენერალური დირექტორი, ლეონიდ ენიკი გააოცა აფხაზეთში ოცი ქართული არხის გამოჩენამ:
“პირველად მესმის, რომ აფხაზეთში ქართული არხების მაუწყებლობა იგეგმება. ვიცი, რომ გალის რაიონში რამდენიმე ქართული არხის დაჭერა შეიძლება და ადგილობრივი მოსახლეობა ამ არხებს სიამოვნებით უყურებს. ოდესღაც დაბლოკვას ვაპირებდით – ქართულ არხების დაჭერა შეუძლებელი რომ ყოფილიყო. მაგრამ, არხების ჩახშობა ჩვენს კომპეტენციას სცილდება – ასეთი საკითხები სახელმწიფო დონეზე წყდება.”
ამ მომენტში აფხაზეთის ტერიტორიზე 18 ქართული არხის ყურებაა შესაძლებელი. ორი ტელეარხი დროებით გამორთულია.
- IMEDI
- GDS
- RUSTAVI-2
- MARAO TV (გასართობი)
- TABULA
- COMEDI TV – (გასართობი)
- ობიექტივი – (სადისკუსიო)
- PALITRA NEWS
- პირველი გასართობი
- ИМЕДИ+ (გასართობი)
- MAESTRO TV
- IBERIA
- SILK UNIVERSAL (სპორტული-გასართობი)
- Stereo+ (მუსიკალური)
- Georgian TV (გასართობი)
- TV-1 (გასართობი)
- სტერეო-1 (გასართობი)
- მართლმადიდებლური არხი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 13.06.2016