საქართველოსა და ყაზახეთს შორის 2026-2027 წლების თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა
გაზიარება
გაზიარება
საქართველო და ყაზახეთი
თბილისში გამართულ შეხვედრაზესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახ კოლეგას, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა და ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში: სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტის, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს და ბოლო წლებში მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელმოწერილი პროგრამა განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიდგას, რათა ურთიერთობები უფრო ინსტიტუციურ და სტრუქტურირებულ ჩარჩოში გადავიდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთობების “სტრატეგიულ დონეზე აყვანის“ შესაძლებლობაზე. მისი თქმით, საქართველოში უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ყაზახური ბიზნესისა და ინვესტიციების წილი, რაც, მისივე შეფასებით, მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკური გარემოს მიმზიდველობაზე და ქმნის საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის.
ბოჭორიშვილის განცხადებით, შეთანხმებული სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას პრაქტიკული ნაბიჯების გზით.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 6 აპრილს, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე გეგმავს შეხვედრებს ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან.