"თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ, ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს" - Minval Politika
საქართველო და აზერბაიჯანი
აზერბაიჯანული გამოცემა Minval Politika აქვეყნებს სტატიას სათაურით: “თბილისის მხრიდან სატარიფო დემარშის საპასუხოდ, ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს”, რომელშიც ვკითხულობთ, რომ Minval Politika-ს წინა პუბლიკაციამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა და გამოაცხადა, რომ საქართველო “უფასოდ“ უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთჯერად ტრანზიტს სომხეთში.
“თუმცა, ასეთი ერთჯერადი გადაწყვეტილება არ პასუხობს მთავარ კითხვას: რა არის თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიან ტარიფებისა და საბაჟო გადასახადების საკითხზე?”. – წერია სტატიაში.
გამოცემა ბაქოსა და ერევანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის შესაქმნელად, რაც გულისხმობს რკინიგზის ხაზის აღდგენას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ბაქოს ყაზახთან აკავშირებდა და შემდეგ იჯევანის მიმართულებით გრძელდებოდა.
Minval Politika-ს მიხედვით, ალტერნატიული გზების შეფასება უკვე დაწყებულია და შესწავლილია ტექნიკური ნაწილიც იმ მონაკვეთის აღდგენისთვის, რომელიც ტრანზიტულ ტვირთს საშუალებას მისცემს “გათავისუფლდეს” საქართველოზე დამოკიდებულებისგან.
პარალელურად, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც:
“მიმდინარეობს ალტერნატიული კორიდორების და მათი ეკონომიკური ეფექტიანობის განხილვა. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი დისკუსიები გაჩნდა, მთავარზე მიუთითებს: აზერბაიჯანმა შეწყვიტა ტრანზიტის აღქმა საქართველოს გავლით როგორც ერთადერთი ან გარდაუვალი გზის”.
გამოცემის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს, მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტა საქართველოს გავლით სატრანზიტო გზის ერთადერთ ან გარდაუვალ გზად აღქმა.
“დღეს თბილისი მარტივი არჩევანის წინაშე დგას: ინტეგრირდეს ახალ რეგიონულ თანამშრომლობის მოდელში, ან დააკვირდეს იმ მარშრუტების განვითარებას, სადაც მისი ყოფნა საჭირო აღარ იქნება.” – წერს გამოცემა.
წინაისტორია
5 დეკემბერს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეხვედრა გაიმართა. წყაროების ცნობით, მთავარი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის საკითხი, რომელსაც შეუძლია ბაქოსა და ერევნისთვის ეკონომიკური დივიდენდების მოტანა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო, კი მათ საქართველოს გავლით ტრანზიტი ერთადერთ გზად მიიჩნიეს.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა თბილისისგან ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დასახელება სთხოვა, რაზეც ქართულმა მხარემ არსებულ ტარიფზე 20-ჯერ მეტი დაასახელა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გადავიდეს კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე, თბილისის ქცევა, ამ გარდამავალი პერიოდის შეფერხების მცდელობაა.
“ეს ყოველივე კი ძირს უთხრის რეგიონული მშვიდობის მშენებლობის საერთო იმპულსს და აჩვენებს ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობის სურვილის არქონას.” – წერს სტატიის ავტორის მაკსუდ სალიმოვი.
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უპასუხა. უწყების ცნობით, მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი იმპორტის შესახებ, რასაც სახელმწიფო სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.
გასულ კვირას კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედია Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა”. სტატიის ავტორი სამირ ველიევი ტრაილერის მძღოლების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, თუ როგორ შეიცვალა ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ საზღვარზე ბოლო პერიოდში.
ავტორის თქმით, მძღოლები აწყდებიან უხეშ მოპყრობას და კანონის უგულებელყოფას – მათ დღეები აყოვნებენ საზღვარზე, ზოგიერთი მძღოლი კი იმასაც იხსენებს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს “როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი” და მიანიშნეს, რომ გამოიყენონ ის მარშრუტი.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისის ასეთი სახეცვლილება შესაძლოა “ჩრდილოელ მეზობელს” ან საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ “სომხეთის ინტერესების გამტარებლებს” უკავშირდებოდეს.