28 მარტს ჟურნალისტები და უფლებადამცველები მთელ დღეს ელოდნენ მეექვსე კოლონიის შესასვლელთან ინტიგამ ალიევს. თუმცა, ის გვიან საღამოს გაათავისუფლეს და ჟურნალისტები მას სახლის კართან შეხვდნენ.
„დანაშაულის პატიების, შეწყალების, ან განაჩენის შერბილების თხოვნით არავისთვის მიმიმართავს, _ თქვა ინტიგამ ალიევმა, _ და გაოცებული ვარ,რომ გამათავისუფლეს. თუმცა ვხვდები,რომ სინამდვილეში ეს ჩემი ადვოკატების, მეგობრების, თავისუფალი პრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგია.სწორედ მათ გაახმაურეს ჩემი საქმე.როდესაც კორუფციასა და თავისუფლების შეზღუდვას ვებრძოდი, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, დამაპატიმრებდნენ. გამიკვირდა კიდეც, რომ ასე დააგვიანდათ.ახლა კი ყველაზე მეტად სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ველოდები, და თავად ვაპირებ ამისთვის ბრძოლას“.
ინტიგამ ალიევმა საპყრობილეში 1 წელიწადი და 10 თვე გაატარა. იგი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვისი ფოტოებიც ამ ხნის განმავლობაში მის მეგობრებსა და მოსწავლეებს „ფეისბუკში“ „ავატარად“ ჰქონდათ. ინტიგამი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ საჩივრებს ამზადებდა და ამით აზერბაიჯანის მცირერიცხოვანი სამოქალაქო საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.
უფლებადამცველს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 17 მარტის სენსაციურ ამნისტიამდე მისი გათავისუფლების ალბათობა თითქმის არ არსებობდა. და ამის მიუხედავად, გუშინ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, მისთვის პატიმრობა ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.
ინტიგამის მიმართ წაყენებული ბრალდება ეყრდნობოდა სისხლის სამართლის კოდექსის №212.1 მუხლს (გადასახადებისგან თავის არიდება), №308.2 მუხლს (უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება), №192.2 მუხლს (უკანონო მეწარმეობა) და №179.3.2. მუხლს (მითვისება და გაფლანგვა).
ამის შესახებ იუწყებიან სახელისუფლებო მედიასაშუალებები, რომლებიც ინტიგამ ალიევის უფლებადამცველობაზე არაფერს ამბობენ. დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ამ შემთხვევას უფრო მეტი დრო დაუთმეს. რადიო თავისუფლებამ თავის რეპორტაჟში აჩვენა, თუ როგორ ამცნო ინტიგამ ალიევის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებას მისი კლიენტის გათავისუფლების ამბავი. ჯავადოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და საბოლოოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას მიაღწიოს.