ოთხი ადამიანი დაიხრჩო ენგურში. ისინი გალიდან ზუგდიდისკენ გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ოთხივე იდენტიფიცირებულია. ისინი გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მოქალაქეები მდინარის გადაცურვით ცდილობდნენ აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი გალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ზუგდიდის მიმართულებით გადმოსვლას.
სწორედ ამ დროს დაიხრჩო ოთხივე მდინარეში. მაშველებმა თავიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს წყლიდან, მოგვიანებით გახდა შესაძლებელი მეოთხე ადამიანის პოვნა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტმა “კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება”.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ადამიანები “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს” შეეწირნენ.
“საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,” – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) მიიჩნევს, რომ მომხდარში ის კოვიდ-წესებია დამნაშავე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს დაუწესა.
კერძოდ კი, საუბარია წესზე, რომლის თანახმად, აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე ხუთდღიან კარანტინში უნდა დარჩეს.
“აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით.
კომენტარი გააკეთეს აფხაზეთშიც. მათი თქმით, გარდაცვლილი სამი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები – ქმარი, ცოლი და რძალი არიან, მეოთხე კი მათ მეგზურობას უწევდა – მათი დაღუპვა მდინარე ენგურში წყლის დონის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია, რაც განპირობებული იყო 5 აპრილს, დილის სამ საათზე, ენგურის ჰიდროელექტრო კაშხლიდან წყლის დაგეგმილი გამოშვებით.
მათივე განცხადებით, მიუხედევად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, ისინი დაუბრკოლებლად აძლევენ მოსახლეობას ენგურის ხიდით ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და შემდეგ უკან დაბრუნდების უფლებას.
___________________________________________________________________________
2017 წლის შემდეგ მდინარე ენგურზე გადაჭიმული ხიდი ერთადერთი გზაა, რომლითაც რიგითი მოქალაქეები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სარგებლობენ.
2017 წლის დასაწყისისთვის ქართულ-აფხაზურ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა ექვსიდან ერთამდე შემცირდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა საოკუპაციო ხაზის მიღმა, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ისედაც ძალიან მძიმე ყოფა.
გალის რაიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომლებიც მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ ქართულ მხარესთან.
მათ შორის, ბევრი ქართულ პენსიასაც იღებს და ფულის მისაღებად, რეგულარულად უნდა გადავიდნენ ხიდის გავლით ქართულ მხარეზე. ასევე, ჩამოაქვთ პროდუქტები, სურსათი. დადიან სამკურნალოდ.
რუსეთი და აფხაზეთი: მცოცავი “ჰარმონიზაცია”
კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
ენგურის ხიდის გავლით კონფლიქტის მეორე მხარეს
სოხუმი აღარ იძიებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს
ყველა ჯერზე ენგურის ხიდის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის რთული, დროში გაწელილი და ფინანსურად ხარჯიანი პროცედურაა. ხოლო კორონავირუსის პანდემიის გამო კიდევ უფრო რთული გახდა.
მართალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში თქვა, რომ პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით ჩაკეტილ ენგურის ხიდზე მოძრაობა აღდგა, თუმცა მოქალაქეები სხვა რამეს ამბობენ. ბევრი გალელი მოქალაქე ჩივის მედიასთან, რომ მათ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ხიდზე მხოლოდ პენსიონერებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ატარებენ. სხვებისთვის კი, იგი კვლავინდებურად დაკეტილია.