რა გახდა მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზი. ექსპერტების ვერსიები
გაზიარება
გაზიარება
ორსკისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი Ан-148 აერპორტ დომოდედოვოდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა: 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. კატასტროფის შედეგად ყველა ადგილზე დაიღუპა.
Meduza-ს ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ჯერ კიდევ ჩამოვარდნამდე ბორტზე აფეთქება მოხდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტერაქტი, ან ერთ-ერთი ძრავის აფეთქება. ამ ვერსიას ირიბად ისიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევების მიმოფანტვის არეალი დაახლოებით 30 ჰექტარს მოიცავს. ასევე ისიც, რომ ეკიპაჟს ბორტზე არსებული რაიმე გაუმართაობის თაობაზე დისპეჩერისთვის არ უცნობებია.
Ан-148-ის ჩამოვარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გადატვირთვის გამო თვითმფრინავის ჰაერში დაშლაა. ამ ვერსიის მომხრეები იხსენებენ 2011 წელს Ан-148-ის ჩამოვარდნის ფაქტს. მაშინ თვითმფრინავს სენსორები მოეშალა, ეკიპაჟმა კი, რომელიც საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, დასაშვებ სისწრაფეს გადააჭარბა – თვითმფრინავმა ამგვარ დატვირთვებს ვერ გაუძლო და ჰაერში დაიშალა.
თუმცა, სხვა წყაროები თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე მისი დაშლის ან აფეთქების ვერსიებს უარყოფენ. მათი მონაცემებით, მიწასთან უშუალო შეხებამდე Ан-148-ის ყველა ძრავა მუშაობდა. ნამსხვრევების ამხელა ტერიტორიაზე გაფანტვას კი იმით ხსნიან, რომ , დაცემის დროს საწვავის ავზი აფეთქდა.
ცნობილია, რომ Ан-148-ის ეკიპაჟის მეთაურმა გაფრენამდე მოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებაზე უარი განაცხადა. თუმცა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ავარიის მიზეზი ეს ფაქტი გამხდარიყო, რადგან ექსპერტების აზრით, მოყინვის შემთხვევაში, თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფას ვერ მოახერხებდა. Ан-148 კი, ჩამოვარდნამდე თითქმის 2 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა.