ეს წესი, შესაძლებელია, ძალაში სულ მალე შევიდეს. ცხინვალის მთავარი არქიტექტორი მერაბ თადტაევი აცხადებს, რომ აბრების კონტროლი საჭიროა იმისათვის, რომ ‘ქალაქში, მაგალითად, შეიძლება ვნახოთ აბრები შეცდომებით, ან შეგვხვდეს მუყაოზე ხელით დაწერილი აბრა, რაც, დამეთანხმებით, სამარცხვინო სურათია.’
თადტაევს შესაძლო შეზღუდვათა რიცხვში არ დაუკონკრეტებია რაიმე ცალკეული სიტყვა ან გამოსახულება, მაგრამ კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისად დასახელებები ან დაიშვება, ან აიკრძალება, ბუნდოვანია; ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ‘ქალაქის მერია ცდილობს, უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი ქალაქის იერ-სახე.’
ცხინვალის მერის, ალან ალბოროვის აზრით, აბრები უფრო სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს. ‘მერია ვალდებულია, თვალყური ადევნოს დედაქალაქის გარეგნულ იერ-სახეს. მაღაზიებზე გვხვდება წარწერები რუსულად, ხშირად ინგლისურადაც; ძალიან იშვიათად ირჩევენ მესაკუთრეები დასახელებას მშობლიურ, ოსურ ენაზე,’ – ამბობს ალბოროვი.
ქალაქის ადმინისტრაცია ერთდროულად ორი საკითხის მოგვარებას აპირებს: ოსური ენის პოპულარიზაციასა და ინგლისური ენის ხმარებიდან ამოღებას. მერიის შეთავაზებაა, ობიექტების სახელწოდება დაიწეროს მხოლოდ ოსურ და რუსულ ენებზე.
მერიის თანამშრომლებმა უნდა დაიარონ ყველა მაღაზია, და აღრიცხონ, თუ რა, ან რომელ ენაზე წერია აბრებსა და ბანერებზე. ამ ჩამოვლის დროს მაღაზიათა მფლობელებს დაჟინებით გაუწევენ რეკომენდაციას, გაასწორონ შესაძლო შეცდომები აბრების ტექსტში, ინგლისურის ნაცვლად დასახელება დაწერონ ოსურ ან რუსულ ენებზე, და ფირფიტებს მისცენ ‘უფრო ცივილიზებული სახე.’
ფატიმა გუსოვა, მაღაზია IKEA-ს გამყიდველი: ‘მაღაზია ორი კვირის წინათ გავხსენით, სახელწოდება არავისთან შეგვითანხმებია. აბრაზე ამ ქსელის ინგლისური დასახელება – IKEA გვაქვს. თუ მერიიდან მოვა რეკომენდაცია მისი რუსული შესატყვისით – ИКЕА-თი შეცვლის შესახებ, ვფიქრობ, მეპატრონე გაითვალისწინებს.’
‘ბევრ მაღაზიას წარწერა ‘დაკეტილია’ მხოლოდ ოსურ ენაზე აქვს. შეიძლება წვრილმანი იყოს, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანებით იწყება მშობლიური ენის პოპულარიზაცია,’ – ერთ-ერთი მყიდველის, 60 წლამდე ასაკის ქალბატონის კომენტარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.