პრეზიდენტისა და NGO-ების მერე, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს 32 ოპოზიციონერიც შეიტანს
საკონსტიტუციო სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მერე, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატიც შეიტანს. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.
ისინი ასევე ითხოვენ, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ოპოზიციონერების თქმით, სარჩელი უკვე მზად არის. მათ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ხელმოწერები ნოტარიუსმა უკვე შეამოწმა, რის შემდეგაც სარჩელი ბათუმში გადაიგზავნება.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის ორი სარჩელი შევიდა – საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მეოთხე სარჩელს ამზადებს „მთის ამბების” დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს გაასაჩივრებს.
გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი აპირებს საჩივრის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად [შესწორება 2017 წელს შევიდა “ქართული ოცნების” პირობებში}, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.