საქართველოს ხელისუფლებას შეეძლება ათზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალოს
პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება ენიჭება მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
მაგალითად, მთავრობას შეუძლია ათზე მეტი ადამიანის შეკრება ან გარკვეულ საათებში ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება აკრძალოს.
თან ამისთვის არც საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწევს და არც პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.
შეკრებების შეზღუდვის უფლება საქართველოს მთავრობას ახლაც აქვს – 15 ივლისამდე.
მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომაროება 22 მაისს გაუქმდა, თუმცა შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობამ სწორედ 15 ივლისამდე გაიხანგრძლივა.
თუმცა, საქართველოს მთავრობა ამ ნორმის კიდევ გაგრძელებას ითხოვს. მთავრობის სურვილია, რომ პარლამენტის ნებართვის გარეშე, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდეს.
ქვეყანაში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ოქტომბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მსგავსი შეზღუდვის არსებობა სახიფათო ბერკეტია მთავრობის ხელში – ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები,.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლება ამ ცვლილებას სათავისოდ გამოიყენებს და კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის საბაბით ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის და საპროტესტო აქციების ჩატარების საშუალებას არ მისცემს.
- “გამარჯობა, თქვენ დაწერეთ სტატუსი კორონავირუსზე?”- სუს-ი ფეისბუკ-პოსტების გამო პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს იბარებს
- ბაჩანა შენგელიას საქმე – რა ღირს პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნება
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილების მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც ამას დღემდე ვახერხებდით,“ – განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მისი დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ვითარების სრულ გაკონტროლებას შეეცდება – ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, ნოემბერში კი, შესაძლოა, მეორე ტურის არჩევნები გაიმართოს.
“ოცნებამ” მიიღო არაკონსტიტუციური კანონი, როდესაც პარლამენტის როლის იგნორირებით მთავრობას მისცა უფლება, რომ შეზღუდოს მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. ახლა აპირებენ, რომ 15 ივლისის ნაცვლად, 1-ელ იანვრამდე გადავადდეს ეს რეჟიმი, რაც არის მიუღებელი ჩვენთვის,” – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.
საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
____________
საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათია, რის გამოც საქართველო მოხვდა იმ 14 ქვეყნის რიცხვში, რომლებთანაც ევროკავშირმა საზღვრები გახსნა.