აფხაზეთში სკანდალი აგორდა პრეზიდენტის მრჩევლისა და ადგილობრივი პოლიტიკის ვეტერანის, სერგეი შამბას განცხადების გამო.
1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენების გახსენებისას – როდესაც დაიწყო აფხაზეთის ომი – შამბამ თქვა, რომ იმ დღეს დიდხანს ვერ პოულობდა მაშინდელ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადისლავ არძინბას, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ფაქტობრივად, როგორც შამბამ აღნიშნა, აფხაზეთის ლიდერი არ იმყოფებოდა ადგილზე ყველაზე კრიტიკულ მომენტში.
შემდგომში არძინბა გახდა აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტი და დღემდე მისი ავტორიტეტი რეგიონში პრაქტიკულად ხელშეუხებელია. მისი სახელი აფხაზებისთვის ომში გამარჯვებასთან ასოცირდება, ამიტომ შამბას სიტყვები საზოგადოებამ შეურაცხყოფად მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ შამბა ხშირად მოიხსენიება არძინბას თანაგუნდელად, ბევრმა ეს გარემოება პირიქით, “მძიმე დამამძიმებელ ფაქტორად“ აღიქვა.
აფხაზი პოეტი და ომის დროინდელი დეპუტატი ვლადიმირ ზანთარია მკაცრად გაემიჯნა სერგეი შამბას სიტყვებს ვლადისლავ არძინბას შესახებ.
“დიდი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, რომელმაც საკუთარი ხალხი გენოციდს გადაარჩინა, მის ხსოვნაზე დაცინვა მიუღებელია,“ – განაცხადა ზანთარიამ და დაამატა, რომ არძინბას სიცოცხლეში ვერავინ გაუბედავდა ეკითხა, თუ სად იყო ის 1992 წლის 14 აგვისტოს.
ომის ვეტერანი ასლან კობახია ადასტურებს, რომ იმ დღეს არძინბა მართლაც რამდენჯერმე იმყოფებოდა სოხუმის შუქურის რაიონში, სადაც რუსული სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული, თუმცა მხოლოდ იმ მიზნით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან დაკავშირებულიყო.
“როდესაც ბევრი გარბოდა, მან ხალხს მიმართა და საერთო მობილიზაცია გამოაცხადა. არსებობს კადრებიც, სადაც ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსი არწმუნებდა, რომ ქართველები არ მოეხსენიებინა მტრებად,“ – იხსენებს კობახია.
მისივე თქმით, ის არ ცდილობს არძინბასგან წმინდანის შექმნას, თუმცა “პირველ პრეზიდენტს დღემდე ვერ პატიობენ მრავალმხრივი ლიდერის ნიჭს“.
ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ სერგეი შამბას განცხადებებს არძინბას შესახებ ცალკე მიმართვით გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით, შამბა ცდილობს საკუთარი როლის გაზვიადებას აფხაზეთის უახლეს ისტორიაში.
“ყველამ ვიცით, რომ გამარჯვება აფხაზმა ხალხმა მოიპოვა თავისი ლიდერის ხელმძღვანელობით, რომელსაც პირველი დღეებიდანვე ჰქონდა საზოგადოების შეუზღუდავი ნდობა. აფხაზი ხალხის სიყვარული ვლადისლავ არძინბას მიმართ გულწრფელი და უსაზღვროა – როგორც ახალი აფხაზეთის სახელმწიფოს დამფუძნებლისადმი.“ – ნათქვამია “არუაას“ განცხადებაში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო