საჩუქარი ლეოპარდს. სცენები თბილისის ზოოპარკიდან. ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
ლეოპარდი თბილისის ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკის ვიდეობლოგების ამ სერიაში მარტოხელა ლეოპარდს გაგაცნობთ.
ცხოველებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა ზოოპარკის თანამშრომლების ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. მათი გარემოს გამრავალფეროვნებისთვის მომვლელები სხვადასხვა ხერხს იგონებენ. ყურადღების ქვეშ დღეს ლეოპარდი მოექცა. ლეოპარდს საჭმელი განსხვავებული ფორმით, საჩუქრის სახით დახვდა.
თანამედროვე ზოოპარკებში ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მათ გონებრივ და ფიზიკურ სტიმულაციასა და ბუნებრივი ქცევების შენარჩუნებას. ამ პრაქტიკას ენრიჩმენტი ეწოდება.
ლეოპარდი მარტოხელა ცხოველია, ვოლიერშიც მარტო ცხოვრობს. თავისი გვარის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მასაც არ უყვარს ხალხმრავლობა და დამთვალიერებელს იშვიათად ენახვება. დახურული ვოლიერიდან ან ხელოვნურად მოწყობილი სამალავებიდან მხოლოდ საჭიროებების გამო გამოდის. ეს კადრები ჩვენც დიდი ლოდინის შემდეგ შევაგროვეთ.
ლეოპარდი, იგივე ჯიქი საქართველოში წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული. გვხვდებოდა მთავარი კავკასიონის ქედის ტყეებში . ამჟამად მისი გავრცელება საქართველოში შემცირებულია თუმცა ბოლი წლების განმავლობაში ფოტოხაფანგებმა ის რამდენჯერმე დააფიქსირეს. ლეოპარდი ძირითადად ღამით ნადირობს. ძლიერი აგებულება და სხეულთან შედარებით არაპროპორციულად დიდი თავის ქალა აქვს, რაც მოზრდილი მოზრდილი მსხვერპლის დაჭერის შესაძლებლობას აძლევს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.