საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია
საავადმყოფოს ინფექციონისტს COVID-19 დაუდასტურდა. ის ამჟამად ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თმით, მას კორონავირუსი, სავარაუდოდ, პაციენტისგან გადაედო. ექიმს COVID-19-ის მსუბუქი ფორმა აქვს.
6 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 36 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცრებული ექიმი საჩხერის მერის მეუღლეა. ტესტირება ჩაუტარეს მერსაც. მას COVID-19 არ დაუდასტურდა.
კორონავირუსზე შემოწმება გაიარა საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10-მა თანამშრომელმა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ექიმთან. კორონავირუსი მათ არ დაუდასტურდათ. კლინიკის ასამდე თანამშრომელიამ დროისთვის თვითიზოლაციაშია.
საჩხერის საავადმყოფო საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან იღებს ინფიცირებულ პაციენტებს. თავიდან ის საკარანტინო ზონა იყო, ახლა კი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებსაც იღებს. ამჟამად საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებულ სამ პაციენტს მკურნალობენ.
ეს სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაავადების უკვე მე-5 შემთხვევაა საქართველოში. მანამდე კორონავირუსით დაინფიცირდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ერთი ექთანი, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 ექთანი და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, სხვა მედპერსონალისგან განსხვავებით, კორონავირუსი მეუღლისგან გადაედო.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.