“ღია საზოგადოების ფონდის” იურისტის, საბა ბრაჭველის თქმით, გრანტების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებებით, ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება.
“ქართული ოცნების: მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
საბა ბრაჭველი: “პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება.
მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები.
ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. ოცნება ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს. ოცნება ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს
ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს – უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში – ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა.
ეს არის ამ ცვლილების არსი – ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება – რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან, და რა პირობებით. ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს.”