მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა
გაზიარება
გაზიარება
სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის დასკვნა
სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ (EUHCR) დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
“საფუძველი არ არსებობს ეჭვი შევიტანოთ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.” – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სააკაშვილმა EUHCR-ში საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეიტანა.
სააკაშვილს ბრალად ედება 2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ საქმეზე შსს-ს ოთხი თანამშრომელი გაასამართლეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა. გამოძიება მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების შეწყალება სააკაშვილის მიერ დამნაშავეებთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და სააკაშვილის მმართველობის დროს გამოძიებამ დამნაშავეები ვერ იპოვა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეების განხილვისას ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დარღვევას, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას გულისხმობს. ასევე, სასამართლომ 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ არ დარღვეულა კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობის მუხლიც.
“სასამართლო მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით (კერძოდ, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული განსჯის საფუძველზე) ადგენს, რომ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო, რომ აპლიკანტი მისი დანაშაულების გამო გაესამართლებინათ და, საპირისპიროსთვის არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია.” – წერია დასკვნაში.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ სააკაშვილს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. ამასთან, სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან იყო ფარული მოტივი, რომ ხელი შეშლოდა ქართულ პოლიტიკაში მის მონაწილეობას.
“სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა, რომ წაყენებული ბრალდება ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ იყო სერიოზული და საფუძვლიანი, საქმის მასალებში მის წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები არსებობდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულად შეჯიბრებითი პროცესი, რა დროსაც მისმა ადვოკატებმა შეძლეს ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები სათანადოდ იყო დასაბუთებული.” – ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობა 2018 წელს მიუსაჯა.