სააკაშვილის საქმე: საზღვრის კვეთის ხელშეწყობისთვის ბრალდებულები გაათავისუფლეს
სააკაშვილის საქმე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთაში ხელშეწყობისთვის ბრალდებული ოთხივე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ მოსამართლემ პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.
● პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. საქართველოში არსებული სიტუაცია უკრაინელი ჟურნალისტების თვალით
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული, საქართველოში ფარულად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
დაპატიმრებისთანავე ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის პატიმრად მიიჩნევს.
ყოფილი პრეზიდენტი 50 დღე შიმშილობდა. ბოლო ორი კვირა ის აღარ იღებდა აღარც სამკურნალო მედიკამენტებს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ექიმთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.
საქართველოს სამოქალაქო სექტორი, დიპლომატები, რიგითი მოქალაქეები, მსახიობები, მწერლები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდნენ. ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც. საბოლოოდ, მესამე პრეზიდენტი გორის სამედიცინო დაწესებულებაში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.
გარდა ამისა, არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.