რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თბილისი საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა.
შემთხვევა დღეს, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მოხდა. რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი – გაიტაცეს. როგორც ტელეკომპანია “მთავარი” წერს, მოკლული თამაზ გინტური ყოფილი სპეცრაზმელი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.
ტელეარხი მოკლულის ფოტოსაც აქვეყნებს:
რადიო თავისუფლება წერს, რომ თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.
როგორც მედია გადმოსცემს, სოფელ კირბალის შესასვლელი საღამოს ცხრა საათისთვის პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისი წარმომადგენლები.
როგორ მოხდა მკვლელობა
კირბალში გორის მერიის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე ჰყვება, რომ 6 ნოემბერს თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის სასაფლაოზე მივიდნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში სანთლის ასანთებად წავიდნენ. სწორედ ამას მოჰყვა საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა, ჰყვება ცერცვაძე.
თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა დავით ქაცარავამ ასევე დაადასტურა „ფეისბუკ”-LIVE-ში, რომ საქართველოს მოქალაქე ლომისის ეკლესიის მიმდებარედ მოკლეს.
◤ სოფელი კირბალი საინფორმაციო საშუალებებში ოქტომბრის ბოლოსაც მოხვდა. 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ და მონასტრის კარი აჭედეს. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც თქვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარის აჭედვა იმიტომ მოხდა, რომ “იქ ვიღაცამ საქართველოს დროშა ააფრიალა”. ◢
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ხელისუფლების რეაქცია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეში თავდასხმა” უწოდა.
“ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო,” – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას “ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსაც მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა:
“მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად,”– დაწერა ღარიბაშვილმა ფეისბუკზე.
მისი თქმით, სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს “ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე”.
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ, თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა გაავრცელა:
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე,” – წერია სუს-ის განცხადებაში.
______________________
● გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, გორიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. კირბალი ე.წ. ბორდერიზაციის ზონის სოფელია. 2022 წელს რუსებმა აქ ახალი საგუშაგო ააშენეს. ოკუპანტების ქმედებების პროტესტის ნიშნად მაშინ ადგილობრივებმა რუსების მიერ დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.
ასევე წაიკითხეთ: როგორ ცხოვრებენ მავთულხლართით გაყოფილ სოფლებში? რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან
● აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონის მთელს პერიმეტრზე დგანან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თეთრ-მწვანე ბანერები დაკიდება დაიწყეს წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“ და „სამხრეთი ოსეთი“. ე.წ. საზღვრის ფუნქციას მავთულხლართი ასრულებს, რომელსაც მონიშნულ ადგილებზე ავლებენ. რუსული და ოსური მხარე ამ პროცესს “ბორდერიზაციას” უწოდებს. მათი თქმით, საზღვრის გავლებისას ისინი ძველი, ომამდელი, საბჭოთა დროის რუკით ხელმძღვანელობენ. მათი თქმით, “სახელმწიფო საზღვრის” გავლება ხდება ახალგორის რაიონის გასწვრივ ისე, რომ ახალგორის ყველა სოფელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მოექცეს.
ქართული მხარე ამ პროცესს “მცოცავ ანექსიას” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე ყოველ ჯერზე ახალ ქართულ მიწას იტაცებს. მავთულხლართების გავლება ხშირ ხდება ქართულ სოფლებში ისე, რომ ეს სოფლები შუაზე იყოფა. შედეგად, ათეულობით ოჯახს საძოვრები, წინაპართა საფლავები და ა.შ. “საზღვრის” იქეთ დარჩა.
● ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.
იყო შემთხვევა, როდესაც რუსმა სამხედროებმა თრუსოს ხეობაში ხუთი ქართველი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ზურგჩანთებით სალაშქროდ იყვნენ წასული. ახალგაზრდების გათავისუფლებას რამდენიმე დღე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა დასჭირდა.
დაკავებულებს, როგორც წესი, ცხინვალის იზოლატორში ათავსებენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.