რუსეთში დაკავებული აფხაზი ოპოზიციონერი ბადრა გუნბას შუამდგომლობის შემდეგ გაათავისუფლეს
ადგურ არძინბა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამ დღეში გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლება, როგორც ცნობილია, განხორციელდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შუამდგომლობის საფუძველზე და არძინბას ფაქტობრივად “ამნისტია” შეეხო.
ადგურ არძინბამ, რომელიც 21 ივნისს რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს ავტომობილის მართვისთვის – მართვის მოწმობის გარეშე, მხოლოდ სამი დღე გაატარა პატიმრობაში. მისი დაკავება ოფიციალურად გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მართვის მოწმობა აპრილში მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჩამოერთვა, თუმცა აფხაზურმა ოპოზიციამ ეს ფაქტი მაინც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა.
არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 2025 წლის თებერვალ-მარტში და იყო მთავარი კონკურენტი კრემლის ფავორიტად მიჩნეული ბადრა გუნბასი, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა.
არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს გუნბას, ხოლო რუსეთის სახელმწიფო და პროსახელისუფლებო მედია ცდილობდა არძინბას დისკრედიტაციას, წარადგენდნენ მას როგორც “პროთურქულ“ ფიგურას. მიუხედავად ამისა, არძინბამ 42%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
გასულ წელს კრემლის წნეხი აფხაზეთის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე სისტემური გახდა: რიგ ოპოზიციონერებს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა, შეიყვანეს უცხოეთის აგენტების სიაში ან აუკრძალეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. თუმცა თავად ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს დევნა თავად აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო.
არძინბას დაპატიმრება, ოპოზიციის შეფასებით, კიდევ ერთი მაგალითია ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობისა. თუმცა ამჯერად დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა, მოულოდნელად, ჩაერია პროცესში და შუამდგომლობა გაუწია არძინბას ვადამდე გათავისუფლებისთვის.
თავად არძინბამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მომხდარი “უბრალო გაუგებრობა იყო, რომელიც ან არაკომპეტენტურობამ ან კოორდინაციის არქონამ გამოიწვია და არა ბოროტმა განზრახვამ.“
“არ მინდა, ეს შემთხვევა ჩრდილს აყენებდეს აფხაზეთის ხალხის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს,“ — დაწერა არძინბამ სოციალურ ქსელში.
მიუხედავად ბადრა გუნბასგან მიღებული დახმარებისა, არძინბამ დაადასტურა, რომ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს:
“რთული პერიოდი გვიდგას. მაგრამ მჯერა, რომ ამ ყველაფერმა, რაც დღეს ხდება, უნდა მიგვიყვანოს არა დაპირისპირებისკენ, არამედ გააზრებისა და განახლებისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ გზას — მშვიდად, ღირსეულად და რწმენით უკეთესი მომავლის მიმართ.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო