რუსეთში აფხაზი ოპოზიციის ლიდერი 15 დღით დააკავეს
რუსეთში ადგურ არძინბა დააკავეს
რუსეთის ქალაქ სოჭში, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვან ფიგურას, ადგურ არძინბას. ოფიციალური მიზეზი – ავტომობილის მართვა მართვის მოწმობის გარეშე.
21 ივნისს არძინბა პოლიციაში დაიბარეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 20 აპრილს მან რუსეთის საზღვარი ავტომობილით გადაკვეთა, მაშინ როცა არძინბას მართვის მოწმობა უკვე ერთი თვის წინ ჰქონდა ჩამორთმეული – ასევე სოჭში, სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო.
პოლიციამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღძრა, სასამართლო პროცესი დაჩქარებით გამართა და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ორმაგი, აფხაზურ-რუსული მოქალაქეობა და მათ შორის ბევრი ფლობს რუსეთის მართვის მოწმობას.
მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბამ მართლაც დაარღვია კანონი, მისი დაკავება ბევრისთვის მაინც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აღიქმება.
შეგახსენებთ, რომ არძინბა 2025 წლის მარტში აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იყო და ხმების 42% მიიღო. ის საარჩევნო ბრძოლაში დაუპირისპირდა ბადრა გუნბას — კრემლის ფავორიტს, რომელმაც საბოლოოდ არჩევნები მოიგო.
წინასაარჩევნო პერიოდში, რუსეთის მედიასაშუალებები აქტიურად ეწეოდნენ კამპანიას არძინბას წინააღმდეგ და ცდილობდნენ მისი “პროთურქული“ პოლიტიკოსის იმიჯის ჩამოყალიბებას.
ამიტომ, აფხაზეთში, სასამართლოს მიერ ასეთი პრევენციული ღონისძიების არჩევა რუსეთის მხრიდან ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად აღიქმება.
და ეს ზეწოლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემურ ხასიათს ატარებს.
აფხაზეთის პარლამენტის ორ წევრს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, სამი ჟურნალისტი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოელი აგენტების რეესტრში” შეიყვანა, რამდენიმე სხვას კი 10 წლით რუსეთში შესვლა აეკრძალა.
აფხაზური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსკოვის მთელი ეს “სადამსჯელო“ პოლიტიკა აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ წამოიწყო. ანუ, ისინი ყველა პრობლემაში აფხაზურ მხარეს ადანაშაულებენ და არა რუსულს.
ბადრა გუნბამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ბჟანიას ფაქტობრივი მემკვიდრეა და კრემლის აქტიური მხარდაჭერით აირჩიეს, თავის საარჩევნო პროგრამაში მოსახლეობას შიდა პოლიტიკური განხეთქილების გადალახვას დაჰპირდა. თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სიტუაცია ჯერ არ შეცვლილა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო