რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ვერ ან არ დაარეგისტრირეს თავიანთი საცხოვრებელი ქონება რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, რის გაკეთებასაც სთხოვენ რუსები ყველას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამ კანონმა ფაქტობრივად სამართლებრივად გააფორმა ის პრაქტიკა, რომელიც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან – 2022 წლიდან – რეალურად უკვე ხორციელდებოდა. ახალი წესები 2030 წლამდე იმოქმედებს და ქმნის სამართლებრივ საფუძველს ბინებისა და სახლების ოფიციალური ექსპროპრიაციისთვის.
ბოლო სამი წლის განმავლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლები არაერთხელ მიმართავდნენ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც „სამართლიანობის უკანასკნელ იმედად“ მოიხსენიებდნენ. ბევრს სჯეროდა, რომ საკუთრების დაკარგვა ადგილობრივი ოკუპაციური ადმინისტრაციების თვითნებობა იყო და არა კრემლის პოლიტიკა.
ახალი კანონის მიღების შემდეგ კი ეს ილუზია პრაქტიკულად გაქრა – ექსპროპრიაცია უკვე უმაღლეს დონეზეა დაკანონებული.
როგორ მუშაობს ქონების ჩამორთმევის სისტემა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ფართები ხშირად „უპატრონოდ“ ცხადდება. ამისთვის საკმარისია:
ქონება არ იყოს რეგისტრირებული რუსეთის რეესტრში;
მფლობელი ვერ იპოვონ;
არ ხდებოდეს კომუნალური გადასახადების გადახდა.
ასეთ ქონებას შემდეგ გადაცემენ„ტერიტორიების განვითარების ფონდს“, რომელსაც ბინების გაქირავებისა და გაყიდვის უფლება აქვს. საცხოვრებლები ძირითადად ნაწილდება რუს სამხედროებზე, ძალოვან სტრუქტურებზე და ოკუპაციური ადმინისტრაციის თანამშრომლებზე – მათ შორის მასწავლებლებსა და ექიმებზე.
მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი
ოკუპირებულ მარიუპოლში უკვე 13 ათასზე მეტი ბინაა „უპატრონოდ“ აღიარებული. იმისთვის, რომ საკუთრება შეინარჩუნოს, მფლობელი ფიზიკურად უნდა ჩავიდეს ოკუპირებულ ქალაქში, აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსეთის პასპორტი და ქონება უნდა იყოს რეგისტრირებული რუსულ რეესტრში. ეს ყველაფერი ომის გამო ბევრისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბერდიანსკსა და მელიტოპოლში საცხოვრებლების მასობრივი აღწერა და გადანაწილება მიმდინარეობს. ხშირია შემთხვევები, როცა ბინები უბრალოდ ცარიელად ცხადდება და შემდეგ სამხედროებს ან „რუს სპეციალისტებს“ გადასცემენ.
ხერსონის ოლქი
ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ქონების „ნაციონალიზაციის“ პრაქტიკა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. ადგილობრივი „კანონები“ საშუალებას აძლევს ოკუპაციურ ხელისუფლებას, „აგრესიასთან კავშირში“ დაადანაშაულოს პრაქტიკულად ნებისმიერი პრო-უკრაინული პოზიციის მქონე პირი და მას ქონება ჩამოართვან. ქონებას ართმევენ მათ შორის დაღუპული სამხედროების ოჯახებს.
უკრაინის პოზიცია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს კანონი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა. კერძო საკუთრების ჩამორთმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს.
კიევი აღნიშნავს, რომ ქონების მასობრივი ჩამორთმევა რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია – ადგილობრივი მოსახლეობის განდევნისა და ოკუპირებული რეგიონების დემოგრაფიული ცვლილების მიზნით. უკრაინა აცხადებს, რომ ყველა ასეთი ფაქტი დოკუმენტირდება და დეოკუპაციის შემდეგ საკუთრების უფლებები სრულად აღდგება.