როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?
რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი, თუნდაც ძალიან კარგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, მაშინ როცა სხვა მენეჯერებთან, თანამშრომლები უფრო მოტივირებულები და ეფექტურები არიან. საძიებო სისტემა Google-ს პასუხი ამ კითხვაზეც აქვს.
კომპანია Google-ის სტატისტიკის განყოფილების სპეციალისტებმა მიიღეს დავალება გაერკვიათ, რა კონკრეტული თვისებები აქცევს ამა თუ იმ ხელმძღვანელს კარგ მენეჯერად.
Google-ის სტატისტიკოსები კვლევას ორი წლის განმავლობაში, კოდური სახელწოდებით Oxygen (ჟანგბადი) ატარებდნენ. ჩატარდა ათასობით ინტერვიუ – გამოიკითხნენ Google-ის თანამშრომლები, კლიენტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კომპანიის მენეჯერებთან აქვს რაიმე შეხება.
400 გვერდზე გაწერილი კვლევა მოულოდნელობა იყო მათთვის, ვინც Google-ისგან, ტრადიციულად, რაღაც რევოლუციურ აღმოჩენას ელოდა.
ყველაფერი ბევრად უფრო ბანალური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, თანამშრომლები ყველაზე მეტად აფასებენ არა კარგ სპეციალისტ მენეჯერებს, არამედ გაწონასწორებულ უფროსებს, რომლებსაც შეუძლიათ გამონახონ დრო თანამშრომლებთან პირისპირ შესახვედრად, უშუალოდ ეხმარებიან მათ პრობლემების მოგვარებაში, უსვამენ კითხვებს და თავს არ ახვევენ პასუხებს, ინტერესდებიან თანამშრომლების ცხოვრებით და ხელს უწყობენ მათ კარიერულ ზრდას.
კვლევის დამუშავებისა და გაანალიზების შემდეგ Google-ის სპეციალისტებმა გამოყვეს 8 ძირითადი წესი, რომელიც ჟანგბადივით სჭირდება კარგ მენეჯერს:
იყავით კარგი მასწავლებელი
- თქვენი დავალებები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. თქვენი შეფასებები კონკრეტული და კონსტრუქციული;
- ყოველთვის დაიცავით ბალანსი კრიტიკასა და შექებას შორის. იცოდეთ, რომ ორივე აუცილებელია. თუ თქვენ მხოლოდ კრიტიკა შეგიძლიათ, თქვენ არ ხართ კარგი მენეჯერი;
- რეგულარულად შეხვდით თანამშრომლებს პირისპირ. მიეცით მათ დავალებები და კონკრეტული ამოცანები მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. კარგი მენეჯერი ვალდებულია, იცოდეს მისი ყოველი თანამშრომლის ძლიერი და სუსტი მხარე. კარგი მენეჯერი აქცენტს ყოველთვის ძლიერ მხარეზე აკეთებს ისე, რომ თანამშრომლის სუსტი მხარე უკანა პლანზე გადადის.
კარგი მენეჯერი ენდობა თავის გუნდს და არასდროს არ არის დაკავებული მიკრომენეჯმენტით
- მიეცით თქვენს თანამშრომლებს მაქსიმალური თავისუფლება. დაანებეთ ადამიანებს თავი, მიეცით საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე. ნუ გადატვირთავთ ბიუროკრატიით და შეზღუდვებით;
- იყავით ხელმისაწვდომი თქვენი თანამშრომლებისთვის, რომ ნებისმიერ დროს თქვენთან რჩევისთვის მოვიდნენ;
- მიეცით თქვენს თანამშრომლებს ზრდის საშუალება – ანდეთ მათ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტა. მენეჯერი, რომელიც ყველაფერს თავისით წყვეტს, ცუდი მენეჯერია.
გამოიჩინეთ ინტერესი თქვენი თანამშრომლბის წარმატებისა და მათი პირადი კეთილდღეობის მიმართ
- დაინტერესდით, თქვენი თანამშრომლების ცხოვრებით – რითი ცხოვრობენ ისინი, რა ინტერესები აქვთ სამსახურს მიღმა;
- ყურადღება მიაქციეთ ახალ თანამშრომლებს და დაეხმარეთ მათ ადაპტაციაში.
კარგი მენეჯერი პროდუქტიულია და ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული
- კონცენტრირდით იმაზე, თუ რა კოლექტიური შედეგის მიღწევისკენ ისწრაფვიან თქვენი თანამშრომლები და როგორ შეძლებენ ისინი ამის მიღწევას;
- დაეხმარეთ მათ პრიორიტეტების განსაზღვრაში და გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება ყველანაირი დაბრკოლების გასანეიტრალებლად;
- როდესაც საქმე ეხება შედეგს, ნუ იქნებით “საყვარელი”, იყავით მომთხოვნი.
კარგ მენეჯერს არაჩვეულებრივი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები აქვს. მას შეუძლია მოსმენა
- ურთიერთობა ორმხრივი პროცესია. თქვენ და თქვენი თანაშრომლები აუცილებლად ყურადღებით უსმენთ ერთმანეთს და უზიარებთ ინფორმაციას;
- წაახალისეთ ღია დისკუსიები. არ ატარებთ ე.წ. “ბრეინშტორმინგებს”? ესე იგი, ცუდი მენეჯერი ხართ.
კარგი მენეჯერი ხელს უწყობს საკუთარი თანამშრომლების კარიერულ ზრდას
- თუ თქვენი თანამშრომლები პროფესიულად არ იზრდებიან, ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის. დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რას აკეთებთ არასწორად.
არასდროს დაგავიწყდეთ კომპანიის სტრატეგია: ყოველთვის გახსოვდეთ, “საით მიცურავს გემი”
- გქონდეთ მკაფიო გეგმა. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, არ დაგავიწყდეთ თქვენი მთავარი მიზნები და სტრატეგია;
- ჩართეთ თქვენი თანამშრომლები კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში.
კარგი მენეჯერი თავის საქმის პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის მზადაა, თანამშრომლებს კომპეტენტური რჩევა მისცეს
- თუ საჭიროა, საქმეში რიგითი თანამშრომელივით, ხელებდაკაპიწებული უნდა ჩაერთოთ;
- უნდა შეგეძლოთ გაარკვიოთ, რატომ ფერხდება სამუშაო, რა უშლის ხელს, რა სირთულეებია ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეში.
გამოქვეყნებულია: 15.07.2016