როგორ გავძლოთ საარსებო მინიმუმით
აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, საარსებო მინიმუმი 136 მანათით განისაზღვრა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 მანათით მეტია. საზოგადოება ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ ამ თანხით, არათუ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ცხოვრება, არამედ სათანადოდ კვებაც კი წარმოუდგენელია.
საქმე ისაა, რომ პროდუქტებისა და ტანსაცმელის ფასები ბაქოში მხოლოდ ლონდონის ფასებს თუ შეედრება. კვირაში 34 მანათი საჭმელად თუ გეყოფა, ისიც – მხოლოდ ბაზარში, რადგან სუპერმარკეტში უფრო ძვირი ჯდება, და თან მხოლოდ აუცილებლით თუ დაკმაყოფილდები. ამჟამად ერთი მანათი უდრის $0,95.
მოშუშული ხორცის კონსერვი ახალზე იაფია
ნახევარფაბრიკატები ის ფუფუნებაა, რომლის შეძენის საშუალებაც ყველას არ აქვს
კიევური კოტლეტები. ერთი ცალი ორ მანათად
ხბოს უძვლო ხორცი. რა თქმა უნდა, ზემოდან რბილი ნაწილი ჩანს, ქვემოთ კი მყესები და ქონია
ადგილობრივი წარმოების შამპინიონი 2 მანათი და 45 გიაპიკი ღირს
ტანსაცმელსა და მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. 136 მანათად კერძო კლინიკაში მუცლის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევასა და ორი კბილის ბჟენს გაგიკეთებენ მხოლოდ. 34 მანათად სილამაზის სალონში თმას შეგიღებავენ, შეგჭრიან და ვარცხნილობას გაგიკეთებენ.
34 მანათად დაპრესილი მუყაოს ზარდახშის ყიდვა შეიძლება. 136 მანათად საჩუქრების ყველაზე იაფიან მაღაზიაში შეგიძლიათ იატაკზე დასადგამი საათიც შეიძინოთ.
მისახვედრი შედეგების მიუხედავად, ბლოგერმა ალია ისმაილზადემ მაინც გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და ერთი კვირის განმავლობაში 34 მანათით ეცხოვრა. ექსპერიმენტი უკვე დასრულებისკენაა, თუმცა ბლოგერმა სათანადო დასკვნები უკვე გამოიტანა. “136 მანათით, რომელიც მზრუნველმა ხელისუფლებამ საარსებო მინიმუმად განგვისაზღვრა, ცხოვრება შეიძლება; უფრო სწორად – გაძლება. თუკი არ ვიავადმყოფებთ, არ ვიყიდით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს (ამ ყველაფერს კეთილი ადამიანებიც გვათხოვებენ), არ დავქორწინდებით და შვილებსაც არ ვიყოლიებთ, ნამდვილად გადავრჩებით. საკაბელო ტელევიზიასა და ინტერნეტზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არ არის.
ამ თანხით ვერც მოხუც მშობლებს დაეხმარები. ამდენად, ობლობა უდავო პირობაა. და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. თუკი ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ, 136 მანათი გეყოფათ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად ნორმალური საკვები მიიღოთ (ძირითადად, კარტოფილი, ბრინჯი და მაკარონი. ზოგჯერ – ქათამიც), გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და დღეში ორჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ.”
ხელისუფლების მომხრე მედიაში ამ კანონის შემოღება ორიგინალურად გააშუქეს. საყოველთაოდ ცნობილმა რესურსმა 1news.az-მა მავანი ექსპერტის, აქრამ ჰასანოვის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კანონი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ჰასანოვის თქმით, იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც ბანკის 500 მანათი მართებთ და თან, ცოლსა და ორ შვილს არჩენენ, აღნიშნული 500 მანათის ამოღება შეუძლებელია, თუ მათი შემოსავალი ამ თანხას არ აღემატება. იმაზე, თუ რა მიიღეს იმ მოქალაქეებმა, ვისაც ბანკის ვალი არ აქვს, კომენტარში არაფერია ნათქვამი.