როგორ ჩამოვიდა უკრაინელი გოგო საქართველოში რამდენიმე დღით და დარჩა სამუდამოდ. ბლოგი
უკრაინელები საქართველოში
ახალგაზრდა უკრაინელი ქალის, მარინა პონომარჩუკის ისტორია, რომელმაც მისთვისვე მოულოდნელად, საქართველოში ახალი ცხოვრებაც და ახალი ბიზნესიც დაიწყო.
როდესაც ბათუმში პირველად ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ სანაპიროზე ფაქტობრივად მარტო მივდიოდი. წინა დღეების წვიმიანმა ამინდებმა, ადამიანები აიძულა, ქუჩიდან კომფორტულ, ძვირადღირებულ ან არც ისე ძვირადღირებულ სასტუმროებში გადაენაცვლათ.
წვიმიან ამინდში ჩემთვის თავშესაფრად პატარა კაფეტერია გადაიქცა. შესასვლელთან დაფაზე, ეს ადგილი აღნიშნული იყო, როგორც „ყავა გინდა?“, მე კი მინდოდა.
ადგილი მართლაც პატარაა, მაგრამ იმ გოგოს ფართო ღიმილის წყალობით, რომელიც მესალმება, თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. ვუკვეთავ კაპუჩინოს ადგილზე დასალევად, და რადგან ადგილი აქ იმდენად პატარაა, რომ ჩუმად ვერ დაჯდები, ყავაში რძის შერევის პარალელურად, მარინა თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს.
„მე ვარ მარინა პონომარჩუკი, უკრაინაში დაბადებული, 35 წლის. ოთხი წლის წინ საქართველოში ტურისტად ჩამოვედი და აქ დავრჩი. ბათუმში მამაკაცს შევხვდი, რომელმაც ოთხდღიანი ფლირტის შემდეგ ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, მე ვუთხარი „არა“! მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ის აგრძელებდა ხელის თხოვნას, დავთანხმდი და ერთხელაც არ მინანია ეს. დღეს ორი ვაჟიშვილი გვყავს, ნიკო და ილია და მე ვუძღვები პატარა კაფეტერიას „ყავა გინდა?“, ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე.
კაფეტერიის ფლობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ამ დრომდე საკუთარ თავს მხოლოდ ასეთი პატარა დაწესებულების ქონის უფლება შემიძლია მივცე, რომელიც ახლა მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე საკმარისი რაოდენობით მეყოლება მუდმივი კლიენტი, რათა უფრო მოზრდილი და ლამაზი ადგილი მოვძებნო. ის სულ რაღაც ოთხი თვის წინ გავხსენი და ჯერჯერობით კაფეტერია კარგად მუშაობს. ჩვენ – ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ვართ ყავის გურმანებისთვის ბათუმში. ვამზადებ იტალიურ ყავა Goriziana-ს. ყავის ჩემი საყვარელი რეცეპტია – კაპუჩინო, დიდი რაოდენობით რძითა და რძის ქაფით, მაგრამ შემიძლია 9 სხვადასხვა გზით დავამზადო ყავა, ლატეს, ლიქიორთან ერთად, მაკიატოსა და vanilla route-ს ჩათვლით.
ვცდილობ, ჩემს კაფეტერიაში კეთილი საქმეები ვაკეთო. ვზრუნავთ ეკოლოგიაზე, ამიტომ სტუმრებს ვთავაზობთ აირჩიონ ვეგანური რძე, ასევე მხარს ვუჭერთ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც დაკავებულია ბათუმში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაციით. ვყიდით ჭიქებს და შემოსავალს ვაძლევთ ფონდს, რომელიც დაკავებულია ცხოველების სტერილიზაციითა და შემდგომი მოვლით. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ჩემთან მუშაობს, მათთანაც მუშაობს მოხალისედ. სტერილიზაციის შემდეგ, მას ძაღლები ორი კვირით სახლში მიჰყავს, რათა მოუაროს და იზრუნოს მათზე. მეც წავიყვანდი ერთს, მაგრამ ჯერჯერობით სახლში ორი ბავშვიც გვყოფნის.
ძალიან მომწონს საქართველოში ცხოვრება, იმიტომ რომ აქ ძალიან მშვიდი ცხოვრებაა. ჩემი და ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქ ძალიან დატვირთულია ყოფა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა – ჩემს ოჯახს, ჩემი დის ოჯახს, ასევე ჩვენს მშობლებს, რომლებიც ახლა უკრაინაში არიან. ჩემს მშობლებს აქ უფრო მოსწონთ, იმიტომ რომ სიმშვიდე სჭირდებათ, მაგრამ, მეორე მხრივ, ნიუ-იორკში გაცილებით უკეთესი ხელფასებია, ასე რომ, შეიძლება, მოვახერხოთ გარკვეული კომპრომისის მოძებნა, ვიმუშაოთ ნიუ-იორკში და დავისვენოთ საქართველოში.
როგორც უკრაინელი, თავს კარგად ვგრძნობ საქართველოში. ბათუმში სლავი გოგოების დიდი თემია – Telegram-ში ჯგუფიც კი გვაქვს, სახელწოდებით „რუსი გოგოები“, სადაც ერთმანეთს საკუთარ იდეებს ვუზიარებთ და ნებისმიერი სახის დახმარება შეგვიძლია ვითხოვოთ. ბათუმში, ასეთი ექვსი ათასზე მეტი გოგო ცხოვრობს. გარდა ამისა, ბათუმში ცალკე ჯგუფია დედებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ თუკი რაიმე დამჭირდება, ვიცი, რომ ისინი დამეხმარებიან.
ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი გოგო ყველა მსურველს ინგლისური ენის კლუბებს სთავაზობს. ისინი ერთმანეთს ხვდებიან და გარკვეულ თემებს ინგლისურად განიხილავენ. ძალიან მინდა იქ წასვლა, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია. ორი შვილითა და ბიზნესით ამისათვის დრო არ მრჩება. ჩემი შვილები მხოლოდ რუსულად ლაპარაკობენ, რადგან ამ ენაზე ვლაპარაკობ სახლში ქმართან. მაგრამ მომავალში მინდა, რომ ისინი ქართულ სკოლაში წავიდნენ, რათა ენა ისწავლონ“.