ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ მათ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს.
მეცოლამ ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ, ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს, ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და სასანქციო ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
“ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა თბილისისა და მთელი ქვეყნის ქუჩებში ევროპული მომავლისკენ მოწოდებით მშვიდობიანად გამოდის და ევროკავშირის დროშას აფრიალებს, როდესაც მათ თავს წყლის ჭავლის ნაკადი ესხმით.
ქართველ ხალხს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ. ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია.
ჩვენი მოწოდება გადამწყვეტი ქმედებებია, მათ შორის სანქციების დაწესება პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ
ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება.“ – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კაია კალასი ასევე ამბობს, რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრების დღევანდელ საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.
მანამდე “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.
მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.