კვლევა: საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბის და რუსეთის ეშინია
რისი ეშინიათ ქართველებს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRCსაქართველო) ერთად მოამზადა კვლევა იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ, რისი ეშინიათ და რა რისკებს ხედავენ. გამოკითხვა 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და მთლიანობაში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 544 ადამიანი გამოიკითხა.
რა აჩვენა კვლევამ – მთავარი მიგნებები:
___________________________
● კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის არის, რომ მოსახლეობა არაერთგვაროვნად აფასებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მაგალითად, გამოკითხულების 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მაშინ როცა თითქმის იმდენივე – მესამედი, ფიქრობს, რომ ქვეყანას არასწორი კურსი აქვს. ხოლო მეხუთედი ამბობს, რომ საქართველო არ იცვლება.
● 69 პროცენტი ამბობს, რომ საერთო ჯამში ქვეყანაში დაცულობის შეგრძნება აქვს (ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად). მიუხედავად ამისა, დიდი უმრავლესობა (69%) თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და აუცილებელ რეფორმებს საჭიროებს.
● სხვებზე დაცულად საქართველოში თავს გრძნობენ კაცები, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, სოფლებში მცხოვრებნი, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი არხების მაყურებლები და მმართველი პარტიის მომხრეები.
● მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მაღალ რისკად დაასახელა სიღარიბე და რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა.
● მოსახლეობის მეხუთედზე მეტი საფრთხედ რუსეთ-უკრაინის ომს, კრიმინალსა და ბუნებრივ კატასტროფებს მიიჩნევს.
● კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა საკმაოდ დაბალია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე. ამასთანავე, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები საკმარისი არ არის და მთავრობამ უნდა გაამკაცროს კონტროლი გამყოფი ხაზის გარშემო ადმინისტრაციულ საზღვარზე და გააძლიეროს პოლიციის მუშაობა ამ რეგიონებში მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● Human Rights Watch-ის ანგარიში: მედია, 5 ივლისი, სამართალდამცავები
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
ეთნიკური უმცირესობები
● რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს – 73 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში მათი ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოება დაცულია. მხოლოდ 13 პროცენტია, ვინც ნაკლებად დაცულად გრძნობს თავს.
● ეთნიკურ უმცირესობებს მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე უმეტესად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მომდინარეობს.
● კონკრეტულად მათი ეთნიკური ჯგუფისთვის/თემისთვის უმცირესობები შემდეგ სამ მთავარ საფრთხეს ხედავენ: საკუთარი ენის დაკარგვის საფრთხე, პოლიციისა და სხვა
ორგანოების მხრიდან გადაჭარბებული კონტროლი და დასჯა; და მესამე – სოციალური დახმარების მოხსნის შიში.
● გამოკითხულების მხრიდან ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება დადებითია. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები საქართველოში უცხოები არ არიან (88%) და სახელმწიფო სრულად უნდა იცავდეს მათ უფლებებს (90%) და მეტი ძალისხმევა გასწიოს მათ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად (70%). მეორეს მხრივ, მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები სათანადოდ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში, აღმასრულებელ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაში.
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არ უთვალთვალებენ
● უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებად მოსახლეობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს მიიჩნევს.
● მოსახლეობის ნახევარზე მეტი და, ზოგ შემთხვევაში, უფრო დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მათ სატელეფონო საუბრებს არ უსმენს, სოციალურ ქსელებს არ ამოწმებს, ინფორმატორების ან თვალთვალის საშუალებით მათ არ აკონტროლებს.
● გამოკითხულთა მესამედი ამბობს, რომ თუკი უსაფრთხოების სამსახურებმა მათი უფლებები დაარღვია, პირველ რიგში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიმართავს. მოსახლეობის მეათედი კი ამბობს, რომ მოითმენს და ხმას არ ამოიღებს, რადგან
უბრალო ადამიანებისთვის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია.
● უმრავლესობა ნაწილობრივ ან სრულად ენდობა თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამ უწყებების მუშაობას მოსახლეობის ნახევარზე მეტი ან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში, 40 პროცენტზე მეტი, ეფექტურად აფასებს. თუმცა, ამავდროულად მოსახლეობის 40
პროცენტი ან მეტი ამ უწყებებს პოლიტიკური/პარტიული გავლენებისგან თავისუფლად არ მიიჩნევს.