რესპუბლიკური გამბიტი
მოსახდენი მოხდა. ‘ქართული ოცნების’ მოსალოდნელ დაშლაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც არ ელოდნენ. ‘დაშლა’ სინამდვილეში კოალიციიდან ‘რესპუბლიკელთა’გასვლას ნიშნავდა:კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიების სტატუსი მეორეხარისხოვანია. წერტილიც თვითონ რესპუბლიკელებმა დასვეს:განაცხადეს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცალკე იყრიან კენჭს, თუმცა კოალიციიდან არ გადიან და სამთავრობო თანამდებობებსაც ინარჩუნებენ.
პასუხად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ‘ოცნების’ სხვა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათთვის ასეთი მდგომარეობა მისაღებია – ჯერჯერობით.
‘ქართული ოცნება’ რომ ნამდვილი ან, როგორც ჩვენში ამბობენ, ‘ევროპული ტიპის’ კოალიცია ყოფილიყო, ასეთი ქცევა სრულიად ბუნებრივი იქნებოდა: პოლიტიკურმა პარტიამ ჯერ არჩევნების მეშვეობით უნდა დაადგინოს თავისი რეალური პოლიტიკური წონა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს ან არ შევიდეს რაიმე კოალიციაში. მაგრამ ‘ოცნება’ სულ სხვა ტიპის წარმონაქმნია:მისი არსი საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟის ქვეშ ყოფნაა.
რესპუბლიკელები არ მალავდნენ, რომ პარლამენტში და მინისტრების სავარძლებში მხოლოდ ივანიშვილის კეთილი ნების წყალობით მოხვდნენ და მისი მისამართით მადლობის სიტყვებს არ იშურებდნენ. არჩევნებში ცალკე გასვლით ისინი პატრონისგან დისტანცირდებიან,თუმცა ბოლომდე მაინც არ ემიჯნებიან.
ასეთი გადაწყვეტილება ამ პარტიისთვის დამახასიათებელი ორჭოფულობით გამოირჩევა. რამდენჯერაც უნდა გაიმეორონ რესპუბლიკელებმა, რომ ‘კოალიციაში რჩებიან’, საზოგადოება ამას გასვლად, ან გასვლის დასაწყისად აღიქვამს.
რა მოხდა? რესპუბლიკელებს ნერვებმა უმტყუნა, თუ მათში თავმოყვარეობამ გაიღვიძა?
პარტიის ლიდერები ბოლო დრომდე ნათლად და ხშირად ამბობდნენ, რომ უახლოეს არჩევნებზე კოალიციასთან ერთად აპირებდნენ გასვლას. ამიტომ ცხადია, რომ გადაწყვეტილება იძულებითი იყო.
ბოლო ხანებში კოალიციის პარტნიორებისგან სულ უფრო ხშირად ისმოდა პირდაპირი ან შეფარული კრიტიკა მათი მისამართით: თითქოს წასვლისკენ უბიძგებდნენ. მაგრამ პასუხად რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ მათ, ირაკლი ალასანიას და მისი თავისუფალი დემოკრატებისგან განსხვავებით ‘ნერვები არ უმტყუნებდათ’ და კოალიციიდან არ გავიდოდნენ.
რა იქცა ‘ბოლო წვეთად’? როგორც ჩანს, ეს ემოციური გადაწყვეტილებაც იყო.
რესპუბლიკელებს სულ უფრო აყვედრიდნენ, რომ მხოლოდ ივანიშვილის წყალობით იყვნენ მთავრობაში და დამოუკიდებლად პარლამენტში მოხვედრის არავითარი შანსი არ ჰქონდათ.
‘ოცნების’ მთავარი სახეები ერთმანეთის მიყოლებით მიანიშნებდნენ (აშკარად რესპუბლიკელების მისამართით), რომ იქნებ მოვიდა დრო,რომ კოალიციის წევრებმა ცალ-ცალკე მოსინჯონ ძალები არჩევნებში.
გორდიას კვანძის ერთბაშად გაჭრა რესპუბლიკელებმა მაინც ვერ გაბედეს.
‘რესპუბლიკური პარტიის’ ოფიციალური განცხადებიდან აშკარაა, რომ ისინი ‘ოცნებას’ ორ ნაწილად ყოფენ: არსებობს კარგი ‘ოცნება’, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი განასახიერებს, და ცუდი – წარმოდგენილი ‘სტალინელი, ანტი-ნატოელი და ვიდეო-შანტაჟისტი’ პარლამენტარებით. რესპუბლიკელები მზად არიან ითანამშრომლონ პირველთან,მაგრამ დისტანცირდებიან მეორეთაგან.
რანაირად? როგორც ყოველთვის, მსჯელობის ხაზს მთავარ მოთამაშესთან,ბიძინა ივანიშვილთან მივყავართ.მას შეგნებულად არ გამოუხატავს თავისი პოზიცია,როდესაც რესპუბლიკელების წინააღმდეგ კოალიციამ აშკარა კამპანია წამოიწო. ვინ წარმოადგენს ივანიშვილის ნამდვილ სახეს:ცივილიზებული და პოლიტკორექტული კვირიკაშვილი, თუ ეგზოტიკური და ოდიოზური თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე თავისი ‘სტალინური’ და ‘ანტი-ნატოური’ განცხადებებით? რესპუბლიკელები ხიდებს არ წვავენ და კვირიკაშვილის მიმართულების გამარჯვებაზე დებენ ფსონს.მაგრამ რა ვუყოთ,თუ თვით ივანიშვილს სწორედ ის უნდა,იდუმალ იანუსად დარჩეს:კვირიკაშვილის სახეც ჰქონდეს და მეჭიაურისაც?
რისი იმედი აქვთ რესპუბლიკელებს?
ყველამ ვიცით, აქამდე რატომ ითრევდნენ ფეხს რესპუბლიკელები:არავინ იცის,საერთოდ მოხვდებიან თუ არა ისინი მომავალ პარლამენტში,ანუ შეძლებენ თუ არა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას.საზოგადოებისთვის ცნობილი კვლევებით,მათი შანსები,არჩევნებში ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში,არ გაზომილა.
თავისი შედარებით ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე,მათ მხოლოდ ერთხელ,2008 წლის გაზაფხულზე იყარეს კენჭი ცალკე, და ოთხ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.დღეს ისინი ორგანიზაციულად მოძლიერდნენ – ისევ ‘ქართული ოცნების’ წყალობით – მაგრამ არის კი ეს წარმატებისთვის საკმარისი?
როგორც კი გავრცელდა ხმები რესპუბლიკელთა კოალიციიდან გასვლაზე, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი ‘თავისუფალ დემოკრატებთან’ მათი შესაძლო წინასაარჩევნო ალიანსზე.
ეს ბუნებრივია.ამ ორმა პარტიამ მსგავსი პროფილის ამომრჩევლისთვის უნდა იბრძოლოს. თუმცა,’რესპუბლიკელებისა’ და ‘თავისუფალი დემოკრატების’ ალიანსი ადრე უკვე ორჯერ შეიქმნა და დაიშალა.ორივეჯერ ‘თავისუფალი დემოკრატების’ ინიციატივით:მათ აშკარად უჭირთ მეგობრობა.რესპუბლიკელებთან ალიანსს ‘თავდემები’ დღესაც გამორიცხავენ,რაც ლოგიკურია,რადგან მათ,კვლევების თანახმად,დამოუკიდებლადაც შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა.გარდა ამისა, ერთდროულად სახელისუფლებო ‘ოცნების’ ე.წ. ‘კარგ ფრთასთან’ მეგობრობა და ოპოზიციურ ‘თავისუფალ დემოკრატებთან’კოალიციაში ყოფნა ქართული პოლიტიკისთვისაც კი მეტისმეტი იქნებოდა.
რესპუბლიკელებმა თვალები დახუჭეს და გაურკვეველ მომავალში გადაეშვნენ. რა ელით, არავინ იცის.გაორებული პოზიცია: ცალი ფეხით – ‘ოცნებაში’,ცალი ფეხით – გარეთ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს მათ საარჩევნო კამპანიის დროს.ასეთ დროს მუსლიმები იტყოდნენ:’ინშალა’.
როგორი იქნება ურესპუბლიკელებო ‘ოცნება’?
უკვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კოალიცია ‘ქართული ოცნება’ აღარ იარსებებს: მისი შემადგენელი პარტიები ცალ-ცალკე იყრიან კენჭს.ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა ჩნდება; პირველი: შეიცვალა თუ არა ‘ოცნების’ საარჩევნო შანსები პარტნიორების წასვლის შემდეგ? შესაბამისი კვლევების არარსებობის პირობებში, ამაზეც მხოლოდ გუმანით შეიძლება ვიმსჯელოთ.როგორც კოალიციის,ისე პარტია ‘ქართული ოცნების’ საარჩევნო მიმზიდველობა,ძირითადად,ბიძინა ივანიშვილის ფიგურით და ადმინისტრაციული რესურსების ფლობით განისაზღვრება.ასე რომ, საეჭვოა, პარტიამ სერიოზული დანაკლისი განიცადოს კოალიციის დაშლით. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ‘რესპუბლიკელების’ წასვლამ შეიძლება ამომრჩეველთა ნაწილი დაუბრუნოს კიდეც ‘ოცნებას’, რადგან ამ უკანასკნელის ბევრ მხარდამჭერს რესპუბლიკელები ‘ნაციონალებზე’ ნაკლებად არ სძულდა.
უფრო პრინციპული საკითხია, რამდენად განსხვავებული იქნება პარტია ‘ოცნება’ კოალიცია ‘ოცნებისგან’ თავისი პოლიტიკური პროფილით.როდესაც ორი წლის წინ ირაკლი ალასანიას პროდასავლურმა პარტიამ – ‘თავისუფალმა დემოკრატებმა’ კოალიცია დატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა,დიპლომატიურ თანამეგობრობაში შფოთვა დაიწყო:ხომ არ ნიშნავს ეს,რომ საქართველო პოლიტიკურ კურსს იცვლის?აღმოჩნდა, რომ დიდი არაფერი შეცვლილა.თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალასანიას გუნდის წასვლის შემდეგ,მისი ფუნქციები (თავდაცვის სამინისტროს და ზოგი საპარლამენტო კომიტეტის ჩათვლით) არანაკლებ მტკიცე პროდასავლური იმიჯის მქონე რესპუბლიკელებმა ჩაიბარეს.ახლა კი რესპუბლიკელებიც მიდიან.
კოალიციიდან კიდევ ერთი პროდასავლური პარტიის გასვლა ‘ოცნებას’ რაღაც დოზით იმიჯის პრობლემას ნამდვილად შეუქმნის. ოფიციალურად გაცხადებული პროევროპული კურსი შენარჩუნდება,მაგრამ კონტრასტი ამ კურსსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ‘ქართულ ოცნებას’ პარლამენტში წარმოადგენენ, მეტისმეტად აშკარაა:’ოცნების’ წევრების უმრავლესობის დისკურსი პუტინთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ევროპასთან. ამიტომ ეჭვები,თუ რამდენად მტკიცეა ‘ოცნების’ პროევროპული მიმართულება,გაძლიერდება.
როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ბიძინა ივანიშვილისთვის ‘იანუსურობა’ მისი პოლიტიკური ბუნებაა: ევროპული სახეც უნდა ჰქონდეს და შავრაზმული ‘ასავალ-დასავალის’ მკითხველისთვის მოსაწონიც.
აქამდე რესპუბლიკელები სწორედ ამ ‘ევროპულ სახეს’ უზრუნველყოფდნენ. დღეს კი საამისოდ მარტო პრემიერი კვირიკაშვილი რჩება, რაც საკმარისი არ არის.სავარაუდოდ,ის შეეცდება, ‘ოცნების’ საარჩევნო სია წესიერ საზოგადოებაში გამოსაჩენი ადამიანებით გაამდიდროს. მაგრამ შეძლებს კი ამას? ასეთ ადამიანებს თან ევროპული ღირებულებებიც უნდა ჰქონდეთ, და თან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურები დარჩნენ.ამ ორის შეთავსება არც ისე ადვილია, თუმცა ალბათ, მსურველები გამოჩნდებიან.
გია ნოდია
გამოქვეყნდა: 01.04.2016
*სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.