გორში ლოკოკინებს იბარებენ. ადიგენში მეჩეთი ინგრევა. კახეთში ხორბალს ვერ ყიდიან. რეგიონული ამბების დაიჯესტი
გაზიარება
გაზიარება
რეგიონული ამბების დაიჯესტი
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოს ექიმები უჩივიან
ჩხობაძის კლინიკის ექიმები. ფოტო: Kutaisipost.ge
ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი შრომით დავას იწყებს. გამოცემა “ქუთაისიპოსტი“ წერს, რომ იანვრის შემდეგ თანამშრომლებს ხელფასები არ აუღიათ. როგორ გამოცემასთან ექიმები ჰყვებიან, ადმინისტრაციამ ისე გადაწყვიტა საათების შემცირება და ნახევარ განაკვეთზე გადაყვანა, მათთვის არაფერი უკითხავს. კლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და არსებული დავალიანების გადახდას მოითხოვენ.
ადიგენში უძველესი, ისტორიული მეჩეთის კედელი ჩამოინგრა
სოფელ ხევაშენის მეჩეთი. ფოტო: Sk News
ადიგენში, სოფელ ხევაშენში, უძველესი, ისტორიული მეჩეთის კედელი ჩამოინგრა. ადგილობრივი გამოცემა SK news წერს, რომ მეჩეთს გამოცლილი აქვს საძირკველი და არსებობს მისი მთლიანად დანგრევის საფრთხე.
ადიგენი, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ მუსლიმები, მეჩეთებით მდიდარი მხარეა. თუმცა, შენობების უმეტესობა მიტოვებული, მოუვლელი და დანგრევის პირასაა. სახელმწიფო მეჩეთებზე არ ზრუნავს, რაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
გორში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის წყაროებში კალმახი დაიღუპა იმის გამო, რომ ხალხი იქ სარეცხს რეცხავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის წყაროებში კალმახი დაიღუპა. გამოცემა Qartli.ge-ს, მუზეუმის დირექტორი ნათია ადუაშვილი უყვება, რომ ამ წყაროებში ადგილობრივები სარეცხს რეცხავენ და თევზი სავარაუდოდ ამიტომ გაწყდა.
დირექტორი ბიზნესმენებს სთხოვს დაეხმარონ თევზის კვლავ მოსაშენებლად. ხალხს კი მოუწოდებს, წყაროებში სარეცხის რეცხვა შეწყვიტონ.
თელავის ახალ გარემონტებულ სკვერში განათება დააზიანეს
თელავში,ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს. გამოცემა „სპექტრის“ ინფორმაციით, მიზანმიმართულად არის დაზიანებული მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ბაგირები.
გამოცემას მერიაში უთხრეს, რომ ახლა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ.
ხიდის ნაცვლად გზის მოხრეშვა – მარნეულში გადაწყვეტილება ისე შეცვალეს, სოფლის მცხოვრებლებს არაფერი ჰკითხეს
ხიდი, რომლის შეკეთებაც ხალხს უნდოდა. ფოტო: რადიო მარნეული
მარნეულში, სოფელ დიდ ბეგლიარში, ხიდის შეკეთების ნაცვლად გზას მოხრეშავენ. ხიდის შეკეთება ადგილობრივების სურვილი და გადაწყვეტილება იყო. ეს პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ, მოულოდნელად ხალხმა გაიგო, რომ მერიამ გადაწყვეტილება ისე შეცვალა, მათ არაფერი ჰკითხა.
ნინოწმინდის მცხოვრებლები ჩივიან, რომ ბოლო პერიოდში ქუჩაში უპატრონო ძაღლები მომრავლდა და სიარული საშიში გახდა. რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ოფიციალურად, ბოლო სამ თვეში, ადამიანის დაკბენის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ხალხი ამბობს, რომ ეს ძაღლები მათ შინაურ ფრინველსაც ესხმიან თავს.
კახელი ფერმერები ხორბალსა და ქერს ვერ ყიდიან, რადგან ბაზარი რუსული ფქვილით არის გაჯერებული
„შარშან 500 ტონა ხორბალი მოვიყვანე, მაგრამ ვერ ვყიდი. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე. იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება“ – კახეთში მცხოვრები ფერმერები ქერის და ხორბლის შარშანდელ მოსავალს ვერ ყიდიან და საწყობებში უფუჭდებათ. მათი თქმით, ამისი ერთ-ერთი მიზეზი, ბაზარზე არსებული ფასია.
“ვიბარებთ ნებისმიერი რაოდენობის ლოკოკინას. ლოკოკინა აუცილებლად უნდა მოვიდეს სუფთა და მშრალ მდგომარეობაში“, – გორში, რუისსა და ხაშურში, ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები გახსნეს.